სიახლეები
შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
2017 წლის 28 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ არ დააკმაყოფილა „შპს ჯორჯიან მანგანეზის“ კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (რეგისტრაციის N745).
მოსარჩელე ითხოვდა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის მე-9 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან (საკუთრების უფლება) და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან (სამეწარმეო თავისუფლება) მიმართებით.
სადავო ნორმა განსაზღვრავდა სხვადასხვა სუბიექტების, მათ შორის ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლების მიერ ელექტროენერგიის გარანტირებული სიმძლავრის შესყიდვისა და მისი საფასურის გადახდის ვალდებულებას. გარანტირებული სიმძლავრე წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულ სიმძლავრეს, რომელიც გამოიყენება ელექტროენერგიის დროებითი დეფიციტის შესავსებად. იმ შემთხვევებში, როდესაც სისტემაში არ არის საკმარისი სიმძლავრე, ხდება თბოელექტროსადგურების ჩართვა და დეფიციტის შედარებით ძვირადღირებული ელექტროენერგიით შევსება. გარანტირებული სიმძლავრის საფასური კი არის თბოელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის საფასური.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადახდა მას მძიმე ტვირთად აწვება და ხსენებული საფასურის გადახდა არ უნდა მომხდარიყო მოხმარებული ელექტროენერგიის პროპორციულად.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ გარანტირებული სიმძლავრის წყაროების არსებობა და მათი საშუალებით ელექტროენერგიის დროებითი დეფიციტის აღმოფხვრა, ელექტროსისტემის სტაბილური ფუქნციონირების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. შესაბამისად, გარანტირებული სიმძლავრის შენახვის ხარჯების ელექტროენერგიის მომხმარებლებზე გადანაწილება ელექტროსისტემის ფუნქციონირების აუცილებლობით არის განპირობებული.
გარანტირებული სიმძლავრის შენახვის საფასური, როგორც გამართული ელექტროენერგეტიკის სისტემის არსებობისათვის აუცილებელი ხარჯი, წარმოადგენს მოხმარებული ელექტროენერგიის ფასის ნაწილს. ხსენებულ საფასურს ელექტროენერგიის ზოგიერთი მომხმარებელი (მაგალითად, საყოფაცხოვრებო მომხმარებელი) ელექტროენერგიის ტარიფში ასახული ფორმით იხდის, ზოგი კი (მაგალითად, პირდაპირი მომხმარებელი) განცალკევებულად. ამდენად, სასამართლომ არ მიიჩნია არაგონივრულად ხსენებული საფასურის მოხმარებული ელექტროენერგიის პროპორციულად გადახდა.
სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექროენერგიის რომელიმე მომხმარებელი ხსენებულ საფასურს არ გადაიხდის, აუცილებელი გახდება მისი წილი გადასახადის სხვა მომხმარებლებზე გადანაწილება, რაც უსამართლოდ გაზრდის მათ ვალდებულებას. ამდენად, მოსარჩელე ფაქტობრივად ითხოვდა მისი წილი გარანტირებული სიმძლავრის საფასურის სხვა, მათ შორის საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ გადახდას, რაც სასამართლოს მიერ არაგონივრულ მოთხოვნად იქნა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა არ ეწინააღმდეგება საკუთრების უფლებასა და მეწარმეობის თავისუფლებას.