სიახლეები
2017 წლის 20 აპრილს 16:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს საქართველოს მოქალაქეების გოჩა გაბოძისა და ლევან ბერიანიძის კონსტიტუციურ სარჩელის N878 არსებითად განსახილველად
2017 წლის 20 აპრილს 16:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს კონსტიტუციური სარჩელის (რეგისტრაციის N878) „საქართველოს მოქალაქეები გოჩა გაბოძე და ლევან ბერიანიძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“ არსებითად განსახილველად მიღების საკითხს.
მოსარჩელეები ითხოვენ იმ რეგულირების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც უკრძალავს სისხლის დონაციის უფლებას იმ მამაკაცებს, რომლებსაც ერთხელ მაინც ჰქონიათ სქესობრივი კავშირი მამაკაცთან. მოსარჩელეთა მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან სისხლის გზით გადამდები დაავადებების შეძენის მაღალ რისკს არ წარმოადგენს, სადავო ნორმით მათ სამუდამოდ ეკრძალებათ სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობა, რაც, მათი თქმით, ეწინააღმდეგება თანასწორობის უფლებას. ამასთან, მოსარჩელეების აზრით, სისხლის დონაციის მეშვეობით პირი ახდენს შინაგანი ღირებულებების პრაქტიკულ რეალიზებას, უზრუნველყოფს პერსონალური და ოჯახური კავშირების განვითარებას. ამას გარდა, დონორად ყოფნის უფლების აკრძალვით მათ ეზღუდებათ ინტიმური ცხოვრების ხელშეუვალობის უფლება, კერძოდ, არ შეუძლიათ დამოუკიდებლად განსაზღვრონ საკუთარი სექსუალური ორიენტაცია და სქესობრივი პრაქტიკა. ამგვარად, სარჩელის თანახმად, ილახება მათი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.
მოსარჩელეები შუამდგომლობენ სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობას საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე, ვინაიდან მათი მტკიცებით, სარჩელში მითითებული სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2014 წლის 04 თებერვალის #2/1/536 გადაწყვეტილებით საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“.
საქმეს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
დავის საგანი: „სისხლის და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემებრის N241/ნ ბრძანების V თავის 24-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან მიმართებით.