სიახლეები
განმწესრიგებელი სხდომა №1513 კონსტიტუციურ სარჩელზე
2021 წლის 13 ოქტომბერს, 12 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „მამუკა ტოლიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1513).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 201-206 მუხლების შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილებით, განმწესრიგებელი განხილვის სხდომა ზეპირი მოსმენის ფორმით ჩატარდება დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით. დისტანციური სასამართლოს სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლირების გზით საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ (youtube) არხზე.
სადავო ნორმები ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენისა და შენახვისთვის სასჯელის სახედ ადგენს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით და მიუთითებს, რომ ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპს არ აქვს განსაზღვრული ოდენობები. მოსარჩელე დამნაშავედ იქნა ცნობილი ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპს უკანონოდ შეძენისა და შენახვისთვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, ისეთ ნარკოტიკულ საშუალებას, როგორიცაა – ალფა-პვპ, არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი ოდენობები, რის გამოც მისი ნებისმიერი ოდენობა კვალიფიცირდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, განურჩევლად იმისა, გამოსადეგია თუ არა იგი მოსახმარად. მისი აზრით, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და შენახვისთვის წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლს.
საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
დავის საგანი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით; ბ) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 205-ე ჰორიზონტალური გრაფის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით.