სიახლეები
„ა(ა)იპ „ერთობა 2013“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1462).
2023 წლის 27 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ა(ა)იპ „ერთობა 2013“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1462).
მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ითვალისწინებს გაფიცვის უფლების აკრძალვის შესაძლებლობას. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმების ამგვარი განმარტება შესაძლებლობას იძლევა, მეტროპოლიტენის ელ-მატარებლების მემანქანეებს ხანგრძლივი ვადით აეკრძალოთ გაფიცვის უფლება, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას. ამავდროულად, სადავო ნორმების საფუძველზე გაფიცვის უფლების შეზღუდვა, მოსარჩელის განმარტებით, ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებს.
მოსარჩელე მხარე ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე მუხლის იმ ნორმატიულ შინაარს, რომელიც უშვებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გაფიცვის უფლების აკრძალვის შესახებ განჩინების ზეპირი მოსმენის გარეშე მიღების შესაძლებლობას. იგი აღნიშნავს, რომ საკითხის გადაწყვეტა მოითხოვს მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევას, რისთვისაც აუცილებელია ზეპირი მოსმენის გამართვა.
საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
დავის საგანი: ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.