სიახლეები

ა.წ. 27 იანვარს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ნადია ხურციძე, დიმიტრი ლომიძე და ტარიელ ჩოჩიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდე

2017 წლის 27 იანვარს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქეების ნადია ხურციძის, დიმიტრი ლომიძისა და ტარიელ ჩოჩიშვილის კონსტიტუციური სარჩელები (რეგისტრაციის N650 და N699) და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს დაცვის მხარის მიერ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში შენახული ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას. სასამართლოს აზრით, აღნიშნული რეგულირება არღვევს სამართლიანი სასამართლოს, ბრალდებულის დაცვისა და უტყუარი მტკიცებულების საფუძველზე განაჩენის დადგენის კონსტიტუციურ პრინციპებს.

შეჯიბრებითი პროცესის ფარგლებში სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცვის მხარეს გააჩნდეს ბრალდების არგუმენტების გაქარწყლების ადექვატური და რეალური შესაძლებლობა, რაც პირველ რიგში გულისხმობს როგორც უფლებას ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა-გაბათილებაზე, ასევე ამ მიზნით უფლებას მტკიცებულების მოპოვებაზე. სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს სასამართლოს ე.წ. ლეგალურ სუბსიდიარულ აქტივობას, მხარეს უნდა ჰქონდეს საქმისწარმოებაზე სამართლებრივი გავლენის მოხდენის, მტკიცებულების იმ პირობებში მოპოვება-წარდგენის და საკუთარი ინტერესების დაცვის გონივრული შესაძლებლობა, რომელიც არ აყენებს მას მოწინააღმდეგე მხარესთან შედარებით არსებითად არახელსაყრელ მდგომარეობაშიდა აძლევს დაცვის უფლების ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობას.

კომპიუტერული ტექნოლოგიის უპრეცედენტო სისწრაფით განვითარების პირობებში საჯარო დაწესებულებები, იურიდიული და ფიზიკური პირები სულ უფრო ფართოდ იყენებენ ნებისმიერი ტიპის (წერილობითი დოკუმენტაცია, ვიდეო ან აუდიო ჩანაწერი თუ ფოტო მასალა, საჯარო თუ დაცული/კონფიდენციალური ან/და საიდუმლო ინფორმაცია) ინფორმაციის ელექტრონულდაარქივებას. შესაბამისად, სადავო ნორმით იზღუდება დაცვის მხარის წვდომა სისხლის სამართლის საქმისათვის რელევანტური ინფორმაციის ფართო სპექტრზე.

სადავო ნორმა სრულად ართმევს დაცვის მხარეს კომპიუტერული წესით შენახული ინფორმაციის, ანდა დოკუმენტის გამოთხოვის შესახებ სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას ნებისმიერი ინფორმაციის მიმართ იმისდამიუხედავად ზღუდავს თუ არა ეს ინფორმაცია მესამე პირთა კონსტიტუციით დაცულ უფლებებს ან უქმნის თუ არა მისი გადაცემა საფრთხეს კონსტიტუციით დაცულ სხვა სიკეთეს.

სასამართლოს განმარტებით, სამართლიანი სასამართლოს უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის და არ გულისხმობს მტკიცებულებათა წარმდგენის უფლების შეუზღუდაობას, მაგრამ შეზღუდვა არ უნდა იყოს აბსოლუტური, ბლანკეტური და არათანაზომიერი, არ უნდა ახდენდეს მხარის უფლებების ისეთ არსებით შეზღუდვას, რაც პრაქტიკულად მხარის ფუნქციის განხორციელების შეუძლებლობას გამოიწვევს ან აზრს დაუკარგავს დეკლარირებულ უფლებას. შესაბამისად, იმ პირობებში როდესაც სასამართლო პრაქტიკულად მოკლებულია საკუთარი ინიციატივით მტკიცებულებათა დამოუკიდებლად მოპოვებას და გამოკვლევას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დაცვის მხარისათვის ყველა იმ მტკიცებულების მოპოვების უფლების მინიჭებას, რომელსაც გადამწყვეტი ან ძირითადი მნიშვნელობა შეიძლება გააჩნდეს პირის ბრალეულობის საკითხის გადასაწყვეტად.
საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილები ცნო არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან, 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.