სიახლეები

არსებითი განხილვა საქმეზე „ბონდო თედორაძე, ანზორ გუბაევი და ხათუნა ბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

2022 წლის 15 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განიხილება საქმე „ბონდო თედორაძე, ანზორ გუბაევი და ხათუნა ბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1511).

კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმის თანახმად, „დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება გამოიწვევს ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის გაფრთხილებას“.

მოსარჩელეთა მითითებით, სადავო ნორმა, რომლის საფუძველზეც ისინი ცნეს ბრალეულად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში, ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას პოლიტიკოსის/საჯარო პირის საცხოვრებელ სახლთან/კერძო საკუთრებასთან პროტესტის გამოხატვის მიზნით ხმაურის გამო. საერთო სასამართლოების მიერ სადავო ნორმა განიმარტა იმგვარად, რომ შეკრების უფლებით სარგებლობად არ იქნა მიჩნეული კერძო საკუთრების მახლობლად, საჯარო სივრცეში შეკრების გამართვა, რომელიც აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებით, კერძო საკუთრებაში მყოფი პოლიტიკოსის/საჯარო პირისთვის დისკომფორტის შექმნის, შეწუხების მიზანს ატარებს. მოსარჩელეთა მტკიცებით, აღნიშნული ნორმატიული შინაარსი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დაცულ შეკრების უფლებას. ასევე, არ არის დაცული გონივრული ბალანსი პროტესტის ადრესატის საკუთრების უფლების დაცვის ლეგიტიმურ მიზანსა და საჯარო ინტერესს შორის, საზოგადოებამ გავლენა მოახდინოს პოლიტიკოსზე/საჯარო პირზე.

საქმეს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.