სიახლეები

არსებითი განხილვა საქმეზე „ნიკოლოზ აკოფოვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

2021 წლის 31 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განიხილება საქმე „ნიკოლოზ აკოფოვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1444).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 201-206 მუხლების შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვის სხდომა ზეპირი მოსმენის ფორმით ჩატარდება დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით. დისტანციური სასამართლოს სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლირების გზით საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ (youtube) არხზე.

განსახილველ საქმეში, სადავო ნორმები ითვალისწინებს გამომძიებლის ან/და პროკურორის უფლებამოსილებას, შეზღუდოს პატიმრობაში მყოფი ბრალდებულის მიერ ხანმოკლე პაემნით სარგებლობის, მიმოწერის და სატელეფონო საუბრის უფლებები.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, კანონმდებლობით არ არის დადგენილი ის კრიტერიუმები, რომელზე დაყრდნობითაც პატიმრობაში მყოფ ბრალდებულს შეიძლება შეეზღუდოს ხანმოკლე პაემნით, მიმოწერით ან სატელეფონო საუბრით სარგებლობის უფლებები, რაც პროკურორს/გამომძიებელს ანიჭებს გაუმართლებლად ფართო დისკრეციას და ქმნის მათი მხრიდან თვითნებობის რისკებს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ამგვარი რეგულაცია ეწინააღმდეგება პირადი ცხოვრების უფლებას.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი:

პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილისმე-2 წინადადებისადა 79-ემუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.