სიახლეები

გიორგი პაპუაშვილი სტრასბურგში შეხვედრებს მართავს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გაემგზავრა სტრასბურგში, სადაც ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს ევროსაბჭოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მაღალი თანამდებობის პირებთან. პირველი შეხვედრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარესთან გუიდო რაიმონდისთან და ვიცე-პრეზიდენტთან ანდრას შაიოსთან უკვე შედგა, სადაც მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის გეგმები. გიორგი პაპუაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს თავმჯდომარე მოიწვია ივნისში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზე ბათუმში, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წლის იუბილეს ეძღვნება.

გიორგი პაპუაშვილს უმასპინძლა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ნილ მუჟნიეკსმა. საუბრის მთავარი თემა ევროსაბჭოს კომისრის დასკვნა იყო, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებსა და, შესაბამისი ორგანოების მხრიდან, სათანადო რეაგირებისკენ მოწოდებას უკავშირდება.

27 იანვარს დაგეგმილია შეხვედრა ევროსაბჭოს გენერალურ მდივან  თორბიორნ იაგლანდთან და ვენეციის კომისიის მდივანთან თომას მარკერტთან. ვიზიტის ფარგლებში გიორგი პაპუაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და სხვადასხვა ჯგუფის ხელმძღვანელ პირებს შეხვდება.