სიახლეები

გრიგოლ აბულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №1417)

2019 წლის 8 ივლისს 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „გრიგოლ აბულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (რეგისტრაციის №1417).

სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენს, რომ სამსახურში აღდგენილ, აგრეთვე მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ საჯარო მოხელის თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლებულ პირს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და შესაბამისი დანამატები. ამასთან, გათავისუფლებული პირის რეზერვში ჩარიცხვის შემთხვევაში, მას მიეცემა კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით, 6 თვის განმავლობაში.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, განაცდური სარგოს და სხვა დანამატების ანაზღაურების დაკავშირება საჯარო მოხელის სამსახურში აღდგენის ან მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის ფაქტთან უსაფუძვლოდ აჭიანურებს არაკანონიერი გადაწყვეტილების მიღების შედეგად გათავისუფლებული მოხელისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ამასთან, რეზერვში ჩარიცხულ მოხელეზე 6 თვის განმავლობაში კომპენსაციის გაცემა არ წარმოადგენს ეფექტურ და გამოსადეგ საშუალებას, რომელიც ჩაანაცვლებდა სამსახურში აღდგენას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვა ეწინააღმდეგება სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურებისა და საჯარო თანამდებობის დაკავების კონსტიტუციურ უფლებებს.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი:

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.