სიახლეები
ვიზიტი ყირგიზეთის რესპუბლიკაში
2023 წლის 20-22 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ვასილ როინიშვილმა და მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა, ყირგიზეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს მიწვევით, მონაწილეობა მიიღეს ყირგიზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ქ. ბიშკეკში გაიმართა. კონფერენციის თემას წარმოადგენდა: „კონსტიტუცია, როგორც საფუძველი სამართლის უზენაესობაზე დაფუძნებული დემოკრატიული სახელმწიფოს ასაშენებლად“.
კონფერენციას ესწრებოდნენ სომხეთის, ყაზახეთის, ტაილანდის, აზერბაიჯანის, უზბეკეთის, ბელგიის, კორეის რესპუბლიკის, პორტუგალიის, ინდონეზიის, მოლდოვას, რუმინეთის, ბულგარეთის, თურქეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინას საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები და ასევე ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის წარმომადგენლები.
კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნა კონსტიტუციური კონტროლის ორგანოების წინაშე არსებული გამოწვევები და პერსპექტივები გლობალური ცვლილებების ეპოქაში. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება კონსტიტუციური კონტროლის ორგანოების თანამედროვე სამყაროს ცვალებად პირობებთან ადაპტაციის სფეროში. ამასთანავე, კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო უცხო ქვეყნების კონსტიტუციური კონტროლის ორგანოების გამოცდილება საზოგადოებაში კონსტიტუციური ღირებულებების პოპულარიზაციის კუთხით.