სიახლეები

ზაზა თავაძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე შეხვდა დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტს, ევროსაბჭოს დელეგაციის ხელმძღვანელს კრისტიან ურსესა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში იან კელის.

ზაზა თავაძეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, სასამართლოს თავმჯდომარის რანგში, პირველი ოფიციალური შეხვედრა ჰქონდა. სასამართლოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დაინტერესებისა და ჩართულობისთვის სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ზაზა თავაძემ აღნიშნა, რომ მისი როგორც თავმჯდომარის მიზანი არის სასამართლო არ მოექცეს არც ერთი პოლიტიკური ძალის ზეგავლენის ქვეშ და შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა. ის მაქსიმალურად შეეცდება, სასამართლო, რაც შეიძლება სწრაფად, დაუბრუნდეს მუშაობის ჩვეულ რეჟიმს და დროულად მოხდეს სასამართლოში შემოსული კონსტიტუციური სარჩელების განხილვა, რათა განხორციელდეს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტური დაცვა.

მხარეებმა გამოხატეს მზაობა, რომ თანამშრომლობა სამომავლოდაც ინტენსიურად გაგრძელდება მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტების ფარგლებში.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ხვალ, 4 ნოემბერს შეხვდება ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს.