სიახლეები

„თენგიზი ორჯონიკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1655)

2023 წლის 29 ივნისს 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „თენგიზი ორჯონიკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1655).

კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმის თანახმად, პირს, რომელსაც არ მიუმართავს სასამართლოსათვის განცხადებით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ, უფლება აქვს, შესაბამისი განცხადებით მიმართოს სასამართლოს ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში. მოსარჩელისთვის პრობლემურია სადავო მუხლის იმგვარი ნორმატიული შინაარსი, ანუ პირებისათვის სასამართლოსთვის მიმართვის ვადის დაწესება, რომლის საშუალებით სახელმწიფო ერევა მოსარჩელის საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით გარანტირებულ უფლებაში, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიღებას შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმართველობის სახსრებიდან.

მოსარჩელის მოსაზრებით, კანონმდებელმა გაუმართლებლად შეზღუდა ზემოხსენებული კანონით გათვალისწინებული პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისთვის დაწესებული კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა, ვინაიდან დააწესა ხანდაზმულობა სასამართლოსთვის განცხადებით მიმართვისთვის 2012 წლის 18 მაისამდე, რაც გაუმართლებელია და არღვევს უკანონო პატიმრობისათვის სახელმწიფოსგან კუთვნილი კომპენსაციის მიღების უფლებას.

საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: „„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2011 წლის 19 აპრილის №4562-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.