სიახლეები

პრეს-რელიზი საქმეზე „ლევან მესხი, ნესტან კირთაძე, თამაზ ბოლქვაძე და სხვები (სულ 50 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

2020 წლის 29 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა №3/4/648, 1315, 1369, 1370, 1371, 1372, 1373, 1374, 1375, 1379, 1385, 1386, 1388, 1391, 1397, 1398, 1405, 1406, 1407, 1411, 1413, 1414, 1415 კონსტიტუციური სარჩელები („ლევან მესხი, ნესტან კირთაძე, თამაზ ბოლქვაძე და სხვები (სულ 50 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმების თანახმად, ყოფილ პარლამენტართა სახელმწიფო კომპენსაცია დაექვემდებარა გაანგარიშების ახალ წესს, რაც გულისხმობდა კომპენსაციის ზედა ზღვრის დაწესებას 560 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ყოფილ პარლამენტართა ყოველთვიურად მისაღები სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა შემცირდა 190 ლარით.

მოსარჩელეები იყვნენ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრები, რომლებიც მიიჩნევდნენ რომ მათთვის დანიშნული სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის შემცირება წარმოადგენდა გაუმართლებელ ჩარევას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ საკუთრების უფლებაში.

მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ კონსტიტუციურ სარჩელებს და განმარტეს, რომ ყოფილ პარლამენტართა კომპენსაციის ოდენობის შემცირებას საფუძვლად დაედო სახელმწიფო ხარჯების რაციონალიზაცია, სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფა, სახელმწიფო ეკონომიკური კეთილდღეობის დაცვა, დაბალანსებული და მდგრადი კეთილდღეობის სისტემის ჩამოყალიბება.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კანონით დანიშნული ფინანსური სარგებლის მიღება (მაგალითად, კომპენსაციის ან პენსიის მიღება) შესაძლებელია იქცეს საკუთრების კონსტიტუციური უფლებით დაცულ ინტერესად, თუკი იარსებებს ლეგიტიმური მოლოდინი მის მიღებასთან დაკავშირებით. ლეგიტიმური მოლოდინის მიზანია დაიცვას პირთა ეკონომიკური ღირებულების მქონე ინტერესები, რომლებზეც ადამიანები ამყარებენ თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებას და უყალიბდებათ ნდობა, რომ დაპირებულ ფინანსურ სარგებელს მიიღებენ.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, მოსარჩელეებს (ყოფილ პარლამენტარებს) გააჩნდათ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშნული ოდენობით მიღების ლეგიტიმური მოლოდინი, თუმცა, სადავო ნორმებით არ მომხდარა მოსარჩელეთა კომპენსაციის იმგვარი შემცირება (საუბარია ყოფილ პარლამენტართათვის კომპენსაციის 190 ლარით შემცირებაზე), რომელიც მნიშვნელოვნად დააზარალებდა მათ ეკონომიკურ ინტერესებს. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ ყოფილი პარლამენტარების სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა დღეის მდგომარეობითაც მნიშვნელოვნად აღემატება ჩვეულებრივ სოციალურ პენსიას.

საკონსტიტუციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ რიგ საჯარო თანამდებობებთან მიმართებით, როგორიცაა ჯარისკაცი ან პოლიციელი, კომპენსაციის/პენსიის სტაბილურად მიღების გარანტია ამ მნიშვნელოვანი და სახიფათო თანამდებობის დაკავების წახალისებისთვის შესაძლოა მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს, თუმცა მსგავსი საჭიროებები არ იკვეთება დეპუტატის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებით. არაგონივრულია ვარაუდი, რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების განხორციელების არსებით წინაპირობად, პირი სამომავლოდ სოციალური დახმარების განსხვავებულ რეჟიმში მიღებას განიხილავდა და სხვა შემთხვევაში შეიძლება არც დათანხმებოდა პარლამენტის წევრობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიჩნია, რომ სადავო ნორმები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ მოსარჩელეთა საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას.

დავის საგანი: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლისა და 41-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.