სიახლეები

საერთაშორისი კონფერენცია „საქართველოს პარლამენტის როლი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების იმპლემენტაციაში“

17 მარტს ბორჯომში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა (PACE) და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, მუშაობა დაიწყო საერთაშორისო კონფერენციამ „საქართველოს პარლამენტის როლი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების იმპლემენტაციაში“.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე  ზაზა თავაძემ.  მისი  განცხადებით, საქართველოში კონსტიტუციური მართლმსაჯულება არის ის სფერო, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არსს ეხმიანება, ხშირად იყენებს რა სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკას კონსტიტუციის სხვადასხვა ნორმის ინტერპრეტაციის პროცესში. ზაზა თავაძემ  ხაზი გაუსვა ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-16 პროტოკოლს, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს ეროვნულ  და ევროპულ სასამართლოებს შორის ურთიერთობის თვალსაზრისით.

საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე  ნინო გვენეტაძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ბორის სილევიჩი და ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი ქრისტიან ურსე, ასევე საქართველოს მთავრობის წარმომადგელები და ექსპერტები.