სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საქმეზე „შოთა ქობალია და ვასილ ჟიჟიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

2023 წლის 25 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ მიიღო განჩინება საქმეზე „შოთა ქობალია და ვასილ ჟიჟიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1453). სასამართლომ ძალადაკარგულად ცნო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45¹ მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების „ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების 21 წლამდე ასაკის პირის მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც აწესებს პასუხისმგებლობას 18-დან 21 წლამდე პირის მიერ ნარკოტიკული საშუალებების - მცენარე კანაფის/მარიხუანის ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის.

№1453 კონსტიტუციური სარჩელის ავტორები დისკრიმინაციულად მიიჩნევდნენ რეგულირებას, რომლის საფუძველზეც 21 წლამდე ასაკის სრულწლოვან პირებს ეკისრებოდათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის, ხოლო 21 წლის ასაკს მიღწეული სრულწლოვანი პირები გათავისუფლებული იყვნენ ასეთი პასუხისმგებლობისგან.

2018 წლის 30 ივლისის №1/3/1282 გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ნორმა, რომელიც აღნიშნული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 35-ე პუნქტში მითითებული გარემოებების არარსებობისას ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმა ზღუდავდა პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას და ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ №1453 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმა (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45¹ მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების „ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების 21 წლამდე ასაკის პირის მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც აწესებს პასუხისმგებლობას 18-დან 21 წლამდე პირის მიერ ნარკოტიკული საშუალებების - მცენარე კანაფის/მარიხუანის ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის) ანალოგიურად ზღუდავდა 18-დან 21 წლამდე პირების პირადი ავტონომიით დაცულ სფეროს და შესაბამისად, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა მიჩნეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის №1/3/1282 გადაწყვეტილების დამძლევ ნორმად და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად ცნო საქმის არსებითი განხილვის გარეშე.

მოსარჩელე მხარე, ასევე, არაკონსტიტუციურად მიიჩნევდა ნორმას, რომელიც ადგენს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფის პირადი მოხმარების მიზნით უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის. მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ სადავო ნორმას ჰქონდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსი და მოითხოვდნენ მის ძალადაკარგულად ცნობას გამარტივებული წესით, საქმის არსებითი განხილვის გარეშე.

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა განმწესრიგებელ სხდომაზე სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილებით არ მომხდარა იმ რისკების შეფასება, რაც წარმოიშობა კანაფის პირადი მოხმარების მიზნით დათესვისა და მოყვანისას. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარე არასწორად აღიქვამდა სადავო ნორმით დასჯადი ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს. შესაბამისად, №1453 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნით უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის, მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და არ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად.

განჩინებას თან ერთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების, ირინე იმერლიშვილისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილის საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით განსახილველად არ მიღებასთან დაკავშირებ