სიახლეები
საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს №1636 კონსტიტუციურ სარჩელს
2021 წლის 2 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა, საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1636).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 201-206 მუხლების შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვის სხდომა ზეპირი მოსმენის ფორმით ჩატარდება დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით. დისტანციური სასამართლოს სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლირების გზით საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ (youtube) არხზე.
სადავო ნორმის მიხედვით, თუკი ცესკოს წევრის დანიშვნის უფლების მქონე პარტიის სიით არჩეულმა საქართველოს პარლამენტის ყველა წევრმა, რომელიც ახორციელებს საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას, 2021 წლის 19 აპრილის მდგომარეობით, დატოვა პარტია და ყველა ერთად გახდა სხვა პარტიის წევრი, ცესკოს 1 წევრის დანიშვნის უფლება ამ პარტიაზე გადადის.
კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, მოსარჩელე პოლიტიკური გაერთიანების პარტიული სიით არჩეულმა საქართველოს პარლამენტის ყველა წევრმა დატოვა პარტია და გაწევრიანდა ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში – „ევროპელი სოციალისტები“. აღნიშნულ პარტიას გადაეცა ცესკოში საკუთარი წევრის დანიშვნის მოსარჩელისათვის განკუთვნილი უფლება. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმის მოქმედება შეეხება მხოლოდ 2021 წლის 19 აპრილამდე მომხდარ შემთხვევებს, შედეგად, იგი მიზანმიმართულად ვრცელდება მხოლოდ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ, რაც განაპირობებს მის დისკრიმინაციულ ბუნებას.
საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 1961 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.