სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე დაესწრო შეხვედრას სასამართლო აქტების გამოქვეყნებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკანონმდებლო რეგულირების საკითხზე

2021 წლის 15 და 16 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ და სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ქსოვრელმა მონაწილეობა მიიღეს სამუშაო შეხვედრაში, რომელსაც ორგანიზება გაუწია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით.

შეხვედრა დაეთმო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის N1/4/693,857 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გასატარებელ საკანონმდებლო ღონისძიებებს, კერძოდ, განხილული იქნა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებული წინადადებები, რომლებსაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უნდა დაეფუძნოს. ღონისძიება ქ. ბორჯომში გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და აპარატის წევრებმა, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, ევროპის კავშირის, ევროპის საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად გამოცხადდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის სადავო დებულებების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას.