სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1404 კონსტიტუციური სარჩელი

2020 წლის 4 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1404 კონსტიტუციური სარჩელი („ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“).

საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენდა ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უალტერნატივო წესს და არ ითვალისწინებდა კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირებისათვის სხვა სახის პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობას.

მოსარჩელე მხარე ელექტრონული პირადობის მოწმობის მიღებაზე უარს რელიგიური რწმენის მოტივით აცხადებდა. მოსარჩელეთა განმარტებით, წმინდა წერილები მართლმადიდებელ ქრისტიანებს აფრთხილებს, არ მიიღონ ელექტრონული დოკუმენტები, ვინაიდან მათში ინტეგრირებული ელექტრონული მატარებლის (ჩიპი) საშუალებით ხდება ადამიანების ტოტალური კონტროლი, რაც უშუალოდ უკავშირდება ბიბლიურ წინასწარმეტყველებას აპოკალიფსის შესახებ. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო რეგულაციით, სახელმწიფო მათ ავალდებულებს საკუთარი რწმენის საწინააღმდეგოდ მოქმედებას, რაც არღვევს მართლმადიდებელ ქრისტიანთა რელიგიურ თავისუფლებას. ამავდროულად, მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ ისინი დისკრიმინირებულ მდგომარეობაში იყვნენ იმ პირებთან მიმართებით, რომლებსაც ახალი რეგულაცია არ შეხებიათ და დღემდე სარგებლობენ უვადო არაელექტრონული პირადობის მოწმობებით.

მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ სახელმწიფო დაინტერესებული იყო, შემოეღო და გაეცა პირადობის დამადასტურებელი ისეთი უნიფიცირებული დოკუმენტები, რომლებიც მაქსიმალურად დაცული იქნებოდა გაყალბებისგან. პირადობის ელექტრონული მოწმობა კი აღჭურვილია დაცვის ისეთი საშუალებებით, რომლებსაც მინიმუმამდე დაჰყავს როგორც დოკუმენტის, ისე ამ უკანასკნელის მეშვეობით წარმოებული ნებისმიერი სამართალურთიერთობის გაყალბების რისკები. მოპასუხის განმარტებით, დაცულობის ამგვარი ხარისხი არ გააჩნია არაელექტრონულ პირადობის მოწმობას.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეთა რწმენა დაცულია კონსტიტუციის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით, ვინაიდან, იგი არ ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს და, იმავდროულად, აკმაყოფილებს სერიოზულობისა და დამაჯერებლობის კონსტიტუციურ სტანდარტს, რამდენადაც მას გააჩნია გარკვეული დასაყრდენი მართლმადიდებლურ სწავლებაში. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულია რწმენის მხოლოდ იმგვარი გაცხადება (მოქმედება/უმოქმედობა), რომელიც მჭიდრო და უშუალო კავშირშია აღნიშნულ რწმენასთან. მოსარჩელეთა წინააღმდეგობის მართლმადიდებლურ რელიგიასთან კავშირის დადგენისას სასამართლომ აღნიშნა, რომ დაუშვებელია, დაცულობის ფარგლებში მოვიაზროთ პირის მხოლოდ ის რელიგიური მოსაზრებები, რომლებსაც შესაბამისი კონფესიის/რელიგიური ჯგუფის წევრთა უმრავლესობა იზიარებს. არამედ, ასეთ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს პირის გულწრფელობას, მისი წინააღმდეგობის კეთილსინდისიერებას. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეთა წინააღმდეგობა (ელექტრონული პირადობის მოწმობაზე უარის თქმა) სინოდის პოზიციის თანახმად არ წარმოადგენს მართლმადიდებლური რელიგიის პირდაპირ და უშუალო მოთხოვნას, სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეთა რელიგიური წინააღმდეგობა ექცევა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის დაცვის ფარგლებში.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმებით არ ხდება ჩარევა მოსარჩელეთა რწმენის თავისუფლებაში, ვინაიდან ნორმები ნეიტრალური ხასიათისაა და თანაბრად ვრცელდება ყველა პირის მიმართ მათი რწმენისა თუ სხვა კუთვნილების მიუხედავად. სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფოს ზოგადი რეგულაცია, რომელიც არ აწესებს კონკრეტულ შეზღუდვას რწმენის თავისუფლებასთან მიმართებით და, შესაბამისად - ვერც რაიმე პასუხისმგებლობას შეზღუდვებისა თუ კანონის გარკვეული მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო და, იმავდროულად, საერთოდ არ გააჩნია პირდაპირი შინაარსობრივი ბმა რწმენის/რელიგიის საკითებთან, ვერ იქნება განხილული რწმენის/რელიგიის თავისუფლებაში სახელმწიფოს ჩარევად.

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ სადავო ნორმა ვერ იქნება მიჩნეული არაკონსტიტუციურად ვერც იმ საფუძვლით, რომ იგი არ ითვალისწინებს გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას სუბიექტური მოტივებით, მათ შორის, რელიგიურ მოსაზრებათა გამო. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცული რწმენის/აღმსარებლობის თავისუფლებიდან არ წარმოდგება სახელმწიფოს ვალდებულება, ოფიციალური დოკუმენტების შემუშავებისას გაითვალისწინოს ყველა ის გულწრფელი წინააღმდეგობა, რომელიც შეიძლება თავიანთი რწმენის საფუძველზე წარმოიშვას მის მოქალაქეებს შორის, რომლებიც სხვადასხვა რელიგიას მიეკუთვნებიან, განსაკუთრებით კი ისეთ შემთხვევებში, როდესაც რელიგიური რწმენით შთაგონებული ესა თუ ის ქმედება არ წარმოადგენს შესაბამისი რელიგიის პრინციპულ/სავალდებულო მოთხოვნას. სასამართლომ განმარტა, რომ რელიგიის თავისუფლება ადამიანს იცავს მის რელიგიურ ცხოვრებაში სახელმწიფოს ინტერვენციისაგან და იგი არ მოიცავს სახელმწიფოზე აქტიური ზემოქმედების თავისუფლებას სახელმწიფოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით და სუბიექტური მოტივებით. ამდენად, სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმები არ არღვევდა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულ რწმენის თავისუფლებას.

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სადავო რეგულირება ადგენს ერთნაირ უფლებრივ რეჟიმს პირადობის მოწმობის მიღების მსურველი ყველა პირისათვის. დღეს არსებული რეგულაციის პირობებში ნებისმიერ პირზე, მათ შორის მოსარჩელეთა მიერ იდენტიფიცირებული ჯგუფის წევრებზეც, გაიცემა ელექტრონული პირადობის მოწმობა. შესაბამისად, ვინაიდან სახეზე არ არის პირთა ჯგუფების მიმართ განსახვავებული მოპყრობა ამა თუ იმ ნიშნით, სადავო ნორმები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტით უზრუნველყოფილ თანასწორობის უფლებას.

დავის საგანი:

ა) საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით:

ა.ა) „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „ხოლო სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირადობის მოწმობა, გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გაიცემა 6 თვემდე ვადით“ და მე-10 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა;

ა.ბ) „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის 58-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა.

ბ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით:

ბ.ა) „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა;

ბ.ბ) „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის 58-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა.