სიახლეები

საქართველოს მოქალაქე ალადინ მამედოვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 7 აპრილს არსებითად განსახილველად არ მიიღო საქართველოს მოქალაქის ალადინ მამედოვის კონსტიტუციური სარჩელი N748 („საქართველოს მოქალაქე ალადინ მამედოვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

მოსარჩელე ითხოვდა „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის წესთან დაკავშირებული რეგულაციების არაკონსტიტუციურად ცნობას თანასწორობის, საკუთრების, მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების, ინტელექტუალური საკუთრების და საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლით გარანტირებულ უფლებასთან მიმართებით.

მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმების საფუძველზე შესაძლებელია  სასაქონლო ნიშანი დარეგისტრირდეს არაიდენტიფიცირებულ პირზე, პირთა გარკვეულმა წრემ აიღოს მონოპოლია ისეთი საქონლით ვაჭრობაზე, რომლის მწარმოებელიც თვითონ არ იყო და პირს, რომელიც თავის სახელზე დაირეგისტრირებს სასაქონლო ნიშანს, მოითხოვოს ამ სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული პროდუქციის ბრუნვიდან ამოღება და განადგურება.

სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმები რეგულირდება სადავო აქტის სხვა რეგულაციებით, რის გამოც „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე სარჩელი არ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად.

განჩინება მიიღო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ.

დავის საგანი: „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის, 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 21-ე, 23-ე და 39-ე მუხლებთან, ასევე 30-ე მუხლის მეორე პუნქტთან.