სიახლეები

საქართველოს მოქალაქე შოთა ჯიბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2017 წლის 22 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქის შოთა ჯიბლაძის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის N666) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

მოსარჩელე ასაჩივრებდა  ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ  საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლისთვის მესაკუთრე ფიზიკური, ან იურიდიული პირის მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ საკომპენსაციო თანხის გადახდის ვალდებულებას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ქვეყანაში არსებული მიწების დანიშნულების მიხედვით დაყოფა და თითოეულ კატეგორიასთან დაკავშირებული რეგულირების განსაზღვრა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შენარჩუნებასთან ერთად დაკავშირებულია სახელმწიფოში სივრცითი მოწყობისა და განაშენიანების პოლიტიკასთან. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა წარმოადგენს შეზღუდულ რესურსს, ხოლო მისი სამშენებლო მიზნებით გამოყენება იწვევს ამ რესურსის შემცირებას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოარკვია, რომ არასამშენებლო დანიშნულების (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების) მიწების არსებობა ქალაქების მუნიციპალურ საზღვრებში, მათზე დაწესებული შეზღუდვებიდან და მიზნობრიობის შეცვლის პროცედურიდან გამომდინარე, წარმოადგენს ქალაქების ურბანული ტერიტორიების ექსპანსიის შემაკავებელ ფაქტორს და ამცირებს კონკრეტული ტერიტორიის ფარგლებში გარემოზე მავნე ზემოქმედების ზრდის რისკს. შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო ზონის არსებობა დიდი ქალაქების მუნიციპალურ საზღვრებში, მათ ფუნქციურ, აგრარულ დატვირთვასთან და ქალაქგანვითარების კონტროლთან ერთად, ასევე უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და გარემოზე ანთროპოგენული ზემოქმედების კონტროლს. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ კანონმდებლის მიერ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიზნობრიობის ცვლილების განსახორციელებლად, მესაკუთრის მიერ საკუთრების თავისუფლად განკარგვასა და ზემოთჩამოთვლილ საჯარო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის უზრუნველსაყოფად, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა წარმოადგენს ნაკლებად მზღუდავ და გამოსადეგ საშუალებას და არ ირღვევა საკუთრების კონსტიტუციური უფლება.

გადაწყვეტილება კონსტიტუციურ სარჩელზე (რეგისტრაციის N666) „საქართველოს მოქალაქე შოთა ჯიბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ მიღებულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მიერ.

დავის საგანი: „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით.