სიახლეები

საქართველოს მოქალაქეები გივი შანიძე და კონსტანტინე კირვალიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2017 წლის 1 ივნისს 17:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება საქართველოს მოქალაქეების გივი შანიძისა (რეგისტრაციის N732) და კონსტანტინე კირვალიძის (რეგისტრაციის N880) კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის განხილვის სხდომა.

მოსარჩელეები ასაჩივრებენ მარიხუანას განმეორებით მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი სასჯელების კონსტიტუციურობას. მოსარჩელეთა მტკიცებით, ვინაიდან მარიხუანას მოხმარების შედეგები მიმართულია მხოლოდ ინდივიდუალური მომხმარებლისკენ და მისი სოციალური შედეგი თუ სხვა ადამიანებზე გავლენა იმდენად უმნიშვნელოა, რომ არარსებულად შეიძლება ჩაითვალოს, მარიხუანას განმეორებით მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესება ემსახურება მხოლოდ ადამიანის მიერ საკუთარი ჯანმრთელობისათვის შესაძლო ზიანის მიყენების თავიდან აცილებას, რაც სისხლის სამართლის პოლიტიკის მიზნებისთვის არ შეიძლება განიხილებოდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმური მიზნის ნაწილად. ამიტომ, მარიხუანას განმეორებითი მოხმარების კრიმინალიზაციას არ აქვს გონივრული გამართლება, არის თვითნებური და თვითმიზნური სასჯელი, რომელიც არ შეესაბამება სასჯელის არცერთ ზოგად მიზანს, მარიხუანას მომხმარებელს იყენებს სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის ინსტრუმენტად და შესაბამისად სახეზეა არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი სასჯელის გამოყენება. ამასთანავე, მარიხუანას გამო ბრალდებულები და მსჯავრდებულები დისკრიმინირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან, ვინაიდან მათ სახელმწიფო ეპყრობა ისევე მკაცრად, როგორც მძიმე ნარკოტიკის მომხმარებლებს და სჯის სისხლის სამართლის წესით, მაშინ როდესაც თამბაქოს და ალკოჰოლის შემთხვევაში ასეთ სიმკაცრეს არ იჩენს.

N732 კონსტიტუციური სარჩელით, მოსარჩელე ითხოვს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას, რადგან მისი მტკიცებით, სადავო ნორმის განგრძობადი მოქმედება მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის საფუძველი გახდება.

საქმეს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ და „ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-17 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანას) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისთვის, იმ პირის მიერ, რომელსაც ამ ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელი აქვს შეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის არის ნასამართლევი, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-17 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით; გ) საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, 21-ე და 30-ე მუხლებთან, რომელიც დასჯადად აცხადებს მარიხუანას დამზადებას, შეძენას, შენახვას ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებას.