სიახლეები

„საქართველოს მოქალაქეები - ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

2016 წლის 19 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი N565). ხსენებულ საქმეზე მოსარჩელეები სადავოდ ხდიდნენ საქართველოს შრომის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

სადავო ნორმის თანახმად, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს, კვირაში 48 საათს. მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ სადავო ნორმა არღვევდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულ კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას, ვინაიდან სპეციფიკურ საწარმოში დასაქმებული პირებისათვის დადგენილი სამუშაო დროის ხანგრძლივობა 8 საათით აღემატება სხვაგვარ დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა სამუშაო დროის ხანგრძლივობას. ამავე დროს, მოსარჩელეები უთითებდნენ, რომ 48 საათიანი სამუშაო კვირა თავისი ხანგრძლივობიდან გამომდინარე, არღვევს შრომის უფლების მოთხოვნებს, ვინაიდან არ ეძლევათ საკმარისი დრო დასვენებისა და პირადი ცხოვრებისთვის.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირებული მდგომარეობა უკავშირდება სპეციფიკური საწარმოსთვის დამახასიათებელი უწყვეტი რეჟიმიდან მომდინარე საჭიროებებს. ამავე დროს სადავო ნორმა არ ახდენს დიფერენცირებას კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნით და არც დიფერენცირების ინტენსივობა არის მაღალი. სასამართლომ თანასწორობის უფლებაში ჩარევა შეფასებისას გამოიყენა რაციონალური დიფერენცირების ტესტი და დაადგინა, რომ დიფერენცირება ეფუძნება გონივრულ დასაბუთებას, შესაბამისად, არ წარმოადგენს კონსტიტუციის მე-14 მუხლის დარღვევას.

ამავე დროს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 48 საათიანი სამუშაო კვირა, მისი ხანგძლივობიდან გამომდინარე, შრომის უფლების დარღვევას არ იწვევს. აღნიშნული დასკვნის გაკეთებისას სასამართლო დაეყრდნო სხვადასხვა ფაქტორებს, მათ შორის მიუთითა, რომ სადავო ნორმის საფუძველზე სამუშაო დროის მაქსიმალური ხანგრძლივობის გასაზღვრა ემსახურება დამსაქმებლის შეზღუდვას. ამ წესის მიუხედავად, დასაქმებულსა და დამსაქმებელს აქვთ შესაძლებლობა, შეთანხმდნენ სამუშაო დროის სხვა (უფრო ნაკლებ) ხანგრძლივობაზე. ამავე დროს, სამუშაო დროის ხანგრძლივობის შეზღუდვის გარდა შრომის კოდექსი ითვალისწინებს დასაქმებულთა უფლებების დაცვის და დამსაქმებელზე ზემოქმედების სხვა მექანიზმებს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქეების - ილია ლეჟავას და ლევან როსტომაშვილის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის N565).