სიახლეები
საქართველოს მოქალაქეები - როინ მიქელაძე და გიორგი ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
2018 წლის 14 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №1234 და №1235 კონსტიტუციური სარჩელები („საქართველოს მოქალაქეები - როინ მიქელაძე და გიორგი ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
სადავო ნორმების თანახმად, გარკვეული კატეგორიის სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიებისას მოწმის დაკითხვა ხორციელდებოდა საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, დანარჩენ დანაშულებთან მიმართებით კი - 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
1998 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებდა მოწმის ვალდებულებას, გამომძიებლისა და პროკურორის გამოძახებით გამოცხადებულიყო საგამოძიებო უწყებაში და მიეცა ჩვენება. 2009 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი კი მხოლოდ მაგისტრატ მოსამართლესთან ჩვენების მიცემის ვალდებულებას ადგენს. ამავე დროს, ახალი საპროცესო კოდექსი ადგენს დაცვის მხარის მიერ მოწმის არსებით სხდომამდე დაკითხვის შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში თუ მისი არსებით სხდომაზე გამოცხადება სათუოა.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის გამოძიებისას მოწმის დაკითხვის განსხვავებული წესების გამოყენება იწვევს პირთა დიფერენცირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც არღვევს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულ თანასწორობის უფლებას.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ზოგიერთი დანაშაულის გამოძიების ფარგლებში გამომძიებლის/პროკურორის მიერ მოწმის დროებით ძველი წესით დაკითხვა, ხელს უწყობს იმას, რომ გარდამავალ ეტაპზე ხელი არ შეშლოდა გამოძიების ეფექტურად განხორციელებას და, შესაბამისად, ამ თვალსაზრისით დიფერენცირება გამართლებულად მიიჩნია. თუმცა სასამართლომ არ ჩათვალა გაუმართლებლად დაცვის მხარის შეზღუდვა ისარგებლოს ახალი საპროცესო კოდექსის დადგენილი გაუმჯობესებული რეჟიმით, მათ შორის, მოითხოვოს მოწმის გამოძიების ეტაპზე დაკითხვა, თუ მისი არსებით სხდომაზე გამოცხადება სათუოა.
მოსარჩელე ასევე უთითებდა, რომ გამოძიების ეტაპზე პროკურორის/გამომძიებლის მიერ მოწმის დაკითხვის პროცესს ვერ ესწრება დაცვის მხარე. შესაბამისად, ვერ ახდენს მოწმის ჯვარედინ დაკითხვას, რის შედეგადაც ირღვევა სამართლიანი სასამართლოს უფლება. საკონსტიტუციო სასამართლომ მოსარჩელის ეს პოზიცია არ გაიზიარა და მიუთითა, რომ გამოძიების ეტაპზე დაკითხული მოწმე განმეორებით იკითხება არსებით სხდომაზე, სადაც დაცვის მხარეს შეუძლია მისი ჯვარედინად დაკითხვა. არსებით სხდომაზე ჯვარედინი დაკითხვა კი უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლოს უფლებით დადგენილი სტანდარტების დაცვას.
მოსარჩელე ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევდა გამოძიების ეტაპზე მოწმის სავალდებულო დაკითხვის უფლების ბრალდების მხარისათვის მინიჭებას იმ პირობებში, როდესაც დაცვის მხარეს არ ჰქონდა ანალოგიური უფლება. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმები ეწინააღმდეგებოდა მხარეთა თანასწორობის პრინციპს, რომლის თანახმადაც, დაცვის მხარეს ბრალდების მხარის თანაბრად უნდა ჰქონდეს მოწმის დაკითხვის შესაძლებლობა.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ გამოძიების ეტაპზე მოწმის დაკითხვა მნიშვნელოვნად ეხმარება მხარეს არსებითი სხდომისთვის პოზიციის მომზადებაში. სადავო მოწესრიგების პირობებში ბრალდების მხარეს აქვს შესაძლებლობა, წინასწარ გაიგოს, რა ინფორმაციას ფლობს მოწმე და რა ჩვენების მიცემა შეუძლია მას არსებით სხდომაზე. ამავე დროს, დაცვის მხარე მოკლებულია ამგვარ შესაძლებლობას. გამოძიების ეტაპზე მოწმის სავალდებულოდ დაკითხვის უფლების მხოლოდ ბრალდების მხარისათვის მინიჭება მნიშვნელოვან საპროცესო უპირატესობას უქმნის მას და ზღუდავს მოწმეთა ერთიდაიმავე პირობებში გამოძახებისა და დაკითხვის უფლებას.
ამავე დროს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაცვის მხარის მიერ მოწმის არსებით სხდომამდე გამოძახება და დაკითხვა არ აფერხებს გამოძიების ეფექტურად წარმართვას და არც სასამართლოს გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით არის გამართლებული. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება დაცვისა და ბრალდების მხარეთა შორის თანასწორობის უფლებას და არაკონსტიტუციურია.
დავის საგანი: 1) №1234 კონსტიტუციურ სარჩელზე - ა) 2009 წლის 9 ოქტომბრის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლის მე-4 ნაწილის (2016 წლის 20 თებერვლიდან 2018 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებთან მიმართებით;
ბ) 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების: „მოწმე ვალდებულია გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, ... გამოძახებით; სწორად აცნობოს ყველაფერი, რაც საქმის გამო იცის და უპასუხოს დასმულ შეკითხვებს“, მე-2 ნაწილის პირველი წინადადების და მე-2 წინადადების იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც ითვალისწინებს პროკურორის ან გამომძიებლის მიერ გამოძახებული მოწმისათვის გამოუცხადებლობის გამო ფულადი სახდელის დაკისრების შესაძლებლობას და 309-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებთან მიმართებით.
2) №1235 კონსტიტუციურ სარჩელზე - 2009 წლის 9 ოქტომბრის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მე-4 ნაწილის (2016 წლის 20 თებერვლიდან 2018 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.