სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს, გუიდო რაიმონდის სტრასბურგში შეხვდა. პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსა და სასამართლოსადმი მიმართვიანობის ზრდასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

ზაზა თავაძემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის სასამართლოს მრავალწლიან ურთიერთობას გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ მისი თავმჯდომარეობის პერიოდში კიდევ უფრო გაღრმავდება თანამშრომლობა.

"საკონსტიტუციო სასამართლო ხშირად ითვალისწინებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკით დადგენილ სტანდარტებს, ამიტომ სასამართლოებს შორის დიალოგის გაგრძელება ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა სფეროში უახლესი ტენდენციების გაზიარებას", - აღნიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.

ზაზა თავაძემ, როგორც ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის თავმჯდომარემ, პირადად მოიწვია გუიდო რაიმონდი ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესზე, რომელსაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიმდინარე წლის ზაფხულში ბათუმში უმასპინძლებს.

თავის მხრივ გუიდო რაიმონდიმ საკონტიტუციო სასამართლოს შესთავაზა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ეგიდით შექმნილ უმაღლესი სასამართლოების კავშირში ( Superior Court's Network, SCN) გაწევრიანება. აღნიშნული გაერთიანება ითვალისწინებს წევრ სასამართლოებს შორის პრაქტიკისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლას.

შეხვედრას ესწრებოდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ნონა წოწორია და ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კონსტანტინე კორკელია.

შეგახსენებთ, რომ ზაზა თავაძე სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიწვევით სასამართლოს სამუშაო წლის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობს.