სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ქუთაისში საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ესწრება, სადაც ზაზა თავაძესა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი კვირიკაშვილს შორის შედგა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. მთავრობის მეთაურმა ზაზა თავაძეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი სასამართლოს დამოუკიდებელი და ეფექტური ფუნქციონირების მნიშვნელობას. მიმოიხილეს სასამართლოს საქმიანობის ხელშეწყობისთვის განსახორციელებელი სხვადასხვა ღონისძიებები. საუბარი შეეხო სასამართლოში წარდგენილი სარჩელების რაოდენობის ზრდას და დაიგეგმა გარკვეული მატერიალურ-ტექნიკური ხასიათის აქტიობები, მათ შორის მომხსენებელი მოსამართლის ავტომატური, ელექტრონული წესით შერჩევის სისტემის დანერგვა, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის მუშაობის ეფექტურობის ზრდასთან დაკავშირებული საკითხები, რაც დაეხმარება სასამართლოს ადამიანის უფლებათა დაცვის კონსტიტუციური ფუნქციის სრულფასოვნად შესრულებაში.

მხარეებმა ასევე განიხილეს 2017 წლის ივნისში ქ. ბათუმში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის ჩატარებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები.