სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები აირჩია

დღეს, 2 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა პლენუმის სხდომა, რომელზეც განიხილეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიების დაკომპლექტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებისა და სასამართლოს მდივნის არჩევის საკითხები.

პლენუმმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის თავმჯდომარედ  აირჩია ლალი ფაფიაშვილი, მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ თეიმურაზ ტუღუში, ხოლო სასამართლოს მდივნის თანამდებობა დაიკავა მერაბ ტურავამ.

პლენუმის დადგენილების შესაბამისად, პირველი კოლეგიის შემადგენლობაში შევიდნენ: ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე), მაია კოპალეიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, მერაბ ტურავა (სასამართლოს მდივანი). მეორე კოლეგიის შემადგენლობა კი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: თეიმურაზ ტუღუში (თავმჯდომარე), თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი.

მეორე კოლეგიის მეოთხე წევრის ადგილი ვაკანტურია და მას საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული წევრი დაიკავებს.