სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადება
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მედიით გაკეთებული განმარტებისას, რომელიც ვენეციის კომისიის შუალედურ დასკვნას უკავშირდებოდა, განაცხადა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი მიზანია, შესაძლებლობა არ მისცეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, ხელოვნურად გაიხანგრძლივონ უფლებამოსილების ვადა, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.
აღნიშნული განცხადება წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციის და საზოგადობის შეცდომაში შეყვანის მორიგ მიზანმიმართულ მცდელობას. საკონსტიტუციო სასამართლო მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს, საჯაროდ დაასახელოს ის შემთხვევები, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა უფლებამოსილება ხელოვნურად იქნა გახანგრძლივებული.
საკონსტიტუციო სასამართლოს ოცწლიანი ისტორიის მანძილზე ერთხელ შეიცვალა სასამართლოს ძირითადი შემადგენლობა და რამდენიმე შემთხვევაში - ცალკეული მოსამართლეები. აქედან მხოლოდ სამ შემთხვევაში (2006, 2011 და 2014 წლებში) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოსამართლეებს შესაძლებლობა მიეცათ, დაესრულებინათ მიმდინარე საქმეები. აღნიშნული ვადა არცერთ შემთხვევაში არ აღემატებოდა 3 თვეს. ამასთანავე, კანონმდებლობა ერთმნიშვნელოვნად კრძალავს ამ პერიოდის განმავლობაში ახალი საქმის განხილვას, მოსამართლე უფლებამოსილია დაასრულოს მუშაობა მხოლოდ მიმდინარე საქმეზე.
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, დაასრულოს მიმდინარე საქმეები, ემსახურება კონსტიტუციური მართლმსაჯულების ეფექტურ განხორციელებას და კონკრეტული მოსარჩელის ინტერესების დაცვას. აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ მიიჩნევს იუსტიციის მინისტრი, რომ აღნიშნული რეგულაცია იწვევს მისი გამოყენების მანკიერ პრაქტიკას, რის გამოც, საჭიროებს მყისიერ შეცვლას. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს ოცწლიანი ისტორიის მანძილზე აღნიშნულ ნორმას არასდროს გამოუწვევია საკონსტიტუციო სასამართლოს ან ახლად არჩეული მოსამართლის საქმიანობის შეფერხება.