სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა №1355,1389 კონსტიტუციური სარჩელები („სამსონ თამარიანი, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მერაბ მიქელაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“)

2023 წლის 27 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა №1355,1389 კონსტიტუციური სარჩელები („სამსონ თამარიანი, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მერაბ მიქელაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

სადავო ნორმები ადგენდა დაზარალებულის უფლებას, ზემდგომ პროკურორთან ერთჯერადად გაასაჩივროს გამოძიების მიმდინარეობის, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ან/და შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ პროკურორის დასაბუთებული დადგენილება. ამასთან ერთად, სადავო ნორმები, დანაშაულთა კატეგორიის მიხედვით, დიფერენცირებულად ადგენდა დაზარალებულის უფლებას, გაასაჩივროს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ან/და შეწყვეტის შესახებ პროკურორის გადაწყვეტილებები. მოსარჩელე მხარე აპელირებდა, რომ დაზარალებულს უნდა ჰქონდეს პროკურორის გადაწყვეტილებათა კანონიერების სასამართლო კონტროლის გზით შემოწმების შესაძლებლობა, რათა თავიდან აიცილოს დანაშაულის კატეგორიის მიხედვით დიფერენცირებულ დაზარალებულ პირთა გასაჩივრების უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და ბრალდების მხარისგან თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკები. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგებოდა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობისა და სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებებს.

მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, დაზარალებულს არ გააჩნდა ზემოხსენებული დადგენილებების გასაჩივრების მომეტებული ინტერესი. სხვა უფლებებისაგან განსხვავებით დაზარალებულის უფლებას არ წარმოადგენდა გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელების მოთხოვნა. შესაბამისად, მხოლოდზემდგომ პროკურორთან გასაჩივრება არ იწვევდა დაზარალებულის კანონით მინიჭებული უფლების აბსოლუტურ შეზღუდვას ისე, რომ გამოიფიტულიყო სამართლიანი სასამართლოს უფლების არსი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ისეთ შემთხვევებში, როდესაც დასჯადი ქმედება ჩადენილია მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, შესაძლოა მყიფე იყოს დაზარალებულის ნდობაც საგამოძიებო საქმიანობის მიმართ. ამასთანავე, მეტია დაუცველობის განცდაც, დაზარალებულის ნიჰილიზმი, გაუცხოება საგამოძიებო საქმიანობის განმხორციელებელი სახელმწიფო ორგანოების მიმართ. შესაბამისად, ობიექტურად იზრდება კონტროლის აუცილებლობა, ინფორმაციის საჭიროება და დანიშნულება. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, ინფორმაციის ფლობის მთავარი დანიშნულება სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობის კონტროლია, თუმცა დაზარალებულის ინფორმირებულობას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მის საგამოძიებო პროცესში ჩართულობასა და მონაწილეობაში. ამასთან, დაზარალებულს ინფორმაცია სჭირდება არა მხოლოდ საკუთარი ეჭვების გასაქარწყლებლად, ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ანდა იმაში დასარწმუნებლად, რომ სახელმწიფო იცავს მის უფლებებს, არამედ - საკუთარი უფლებების ეფექტიანად დასაცავად.

საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, დაზარალებულის შესაძლებლობა ფლობდეს ინფორმაციას, და შესაბამისად, აკონტროლებდეს საგამოძიებო პროცესს, დადებით გავლენას ახდენს შესაბამის ორგანოთა პასუხისმგებლობაზე და ზრდის მათ ანგარიშვალდებულებას. ამასთანავე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს საჯარო ორგანოთა მიმართ საზოგადოების ნდობის დეფიციტს, ხოლო, მეორე მხრივ, ზრდის დაზარალებულის ნდობას მათ მიმართ. უფრო მეტიც, პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლო კონტროლი და მისი კანონიერების შემოწმება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც არსებობს პროკურატურის მხრიდან თვითნებობის ან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკი. შესაბამისად, ამ მოცემულობაში, ინტერესთა დაბალანსებისას საქართველოს პარლამენტმა უნდა გაითვალისწინოს იმ შედეგთა სიმძიმე, რომელიც პროკურორის მცდარმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა დააყენოს როგორც დაზარალებულისთვის, ისე საზოგადოებისთვის. ამდენად, თუნდაც შეცდომის დაშვების ნაკლები ალბათობის პირობებშიც, სახელმწიფო ვალდებულია დაზარალებულს მისცეს შესაძლებლობა, სასამართლო კონტროლის გზით, ისარგებლოს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შესაძლებლობით.

რაც შეეხება დანაშაულის კატეგორიის მიხედვით დიფერენცირებულ დაზარალებულთა გასაჩივრების უფლების შეზღუდვას, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შედეგად დაზარალებულთა შესაძლებლობა, სასამართლოს წესით გაასაჩივრონ პროკურორის გადაწყვეტილებები, ერთნაირად არსებითი მნიშვნელობის მატარებელია ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირთა კატეგორიისთვისაც. სადავო ნორმებით, პირთა ერთი კატეგორია სრულად მოკლებულია შესაძლებლობას სასამართლოსთვის მიმართვა გამოიყენოს უფლების დაცვის საშუალებად, მაშინაც კი, თუ პროკურორი წყვეტს გამოძიებას ან სისხლისსამართლებრივ დევნას ან უარს ამბობს დევნის დაწყებაზე. ამდენად, დაზარალებულის ინტერესის მნიშვნელობა, ჰქონდეს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობაზე და სასამართლო კონტროლის გზით შეამოწმოს პროკურორის მიერ მიღებული ზემოხსენებული გადაწყვეტილებების კანონიერება, გადაწონის სასამართლოს გადატვირთვის შესაძლო რისკს, რის გამოც, სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმებით დადგენილი დიფერენცირებული მოპყრობა არათანაზომიერად ზღუდავს როგორც სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის, ასევე თანასწორობის უფლებებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტსა და 31-ე მუხლის პირველ პუნქტს.

დავის საგანი: ა) №1355 კონსტიტუციურ სარჩელზე: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის 11 ნაწილის მე-2 წინადადების (2019 წლის 10 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის 11 ნაწილის მე-2 წინადადების სიტყვების „ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული“ (2019 წლის 10 მაისიდან 2019 წლის 15 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

ბ) №1389 კონსტიტუციურ სარჩელზე: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის 11 ნაწილის მე-2 წინადადების სიტყვების „ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება,“ (2019 წლის 15 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) და 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების სიტყვების „ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება,“ (2022 წლის პირველ მარტამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.