სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს საქმეს „გივი კაპანაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ
2019 წლის 19 სექტემბერს, 12 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია არსებითად განიხილავს საქმეს „გივი კაპანაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1317).
საქმეზე სადავოდ არის გამხდარი ნორმები, რომელთა თანახმადაც, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების გაცემის/შვებულების ანაზღაურების საფუძველია დასაქმებულზე/საჯარო მოსამსახურეზე შევსებული საავადმყოფო ფურცელი. აღნიშნული ტიპის შვებულება და შესაბამისად ანაზღაურება არ გაიცემა ორსული ქალის ოჯახის წევრებზე, გამონაკლისია მშობიარე ქალის გარდაცვალებისას ბავშვის დაბადების შემთხვევები, როდესაც დახმარებას იღებს ბავშვის მამა ან მეურვე პირი.
მოსარჩელის არგუმენტაციით, ბავშვის მოვლასთან მიმართებით მშობლებს, მათი სქესის მიუხედავად, თანაბარი უფლებები და მოვალეობები აქვთ. აღნიშნულის საპირისპიროდ, სადავო ნორმები ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უფლებას ანიჭებს მხოლოდ ქალს და ავტომატურად გამორიცხავს ბიოლოგიური მამის მიერ იმავე უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას, გარდა მშობიარე ქალის გარდაცვალების გამონაკლისი შემთხვევისა. ამასთან, ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში, მშვილებელ მამას, ბიოლოგიური მამისგან განსხვავებით, ბავშვის შვილების შესახებ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უფლება აქვს, ისარგებლოს ამგვარი შვებულებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ბიოლოგიური მამები ვერ სარგებლობენ ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულებით და იმყოფებიან დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, სქესის ნიშნით ქალებთან მიმართებით და მშობლის სტატუსის მიხედვით მშვილებელ მამებთან მიმართებით.
მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს, რომ სადავო წესი, რომელიც ბიოლოგიურ მამებს დაუსაბუთებლად ართმევს ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების შესაძლებლობას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ შრომის თავისუფლებას.
საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
დავის საგანი: „„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.