სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია და სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ კილაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ომბუდსმენის მიწვევით, მიმდინარე წლის 11-13 ნოემბერს, ოფიციალური ვიზიტით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოში იმყოფებოდნენ, სადაც მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის კონსტიტუციის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.
საერთაშორისო კონფერენციაზე, რომლის თემას - „კონსტიტუცია და სამართლის უზენაესობა თანამედროვე სამართლებრიც სისტემებში“ წარმოადგენდა, მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.
რევაზ ნადარაიამ მიულოცა აზერბაიჯანელ ხალხს აზერბაიჯანის კონსტიტუციის მიიღების 30 წლის იუბილე, ყურადღება გაამახვილა საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის ურთიერთთანამშრომლობის დადებით დინამიკაზე და დაადასტურა თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა.
„ზუსტად 30 წლის წინ, 1995 წელს, ქართველებმა და აზერბაიჯანელებმა მივიღეთ ჩვენი კონსტიტუციები. საქართველოში ეს თარიღი 24 აგვისტოს აღინიშნა, დღეს კი თქვენ აღნიშნავთ და აფასებთ იმ მიღწევებს, რაც კონსტიტუციის ძალით მოიპოვეთ.
დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ნათელი დასტურია იმისა, თუ რაოდენ დიდია საზოგადოებისათვის ადამიანის ძირითად უფლებათა მნიშვნელობა. სწორედ ის განსაზღვრავს კონსტიტუციონალიზმის არსს და წარმოადგენს თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოების მარადიულ ღირებულებებსა და ფუნდამენტურ მიზანს.
კაცობრიობის ბოლო სამი საუკუნე, არსებითად, ძირითად უფლებათა იდეისათვის ბრძოლის ისტორიად შეიძლება ჩაითვალოს. ამ წარსულის განუყოფელი ნაწილია საქართველო, რომელმაც ამ ბრძოლაში ერთობ თვალსაჩინო წვლილი შეიტანა.
დღეს მოქმედი კონსტიტუცია, რომელიც 30 წლის წინ, 1995 წლის 24 აგვისტოს მივიღეთ, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ადამიანის ძირითად უფლებებს. მასში ოთხჯერ იქნა შეტანილი ცვლილებები. 2018 წლის ბოლო საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად კი, კონსტიტუციაში გაფართოვდა ძირითად უფლებათა სფერო, რომელთა საფუძველია ადამიანის ღირსება.
1995 წლის საკონსტიტუციო რეფორმის ინოვაციურ ელემენტებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსებას, რომლის მთავარი მისია იყო კონსტიტუციის უზენაესობის პრინციპისა და ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა.
30-წლიანი მოღვაწეობის შედეგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დოქტრინალურ სასამართლოდ ჩამოყალიბდა, რომლის მიერ განხორციელებული კონსტიტუციური განმარტებები საზოგადოებაში დღეს ფართო ინტერესს იწვევს და აღქმულია ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელოვან გარანტად.
საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის, მრავალი წლის განმავლობაში, ჩამოყალიბდა მჭიდრო თანამშრომლობის ტრადიცია, რომელიც გამოიხატება ორმხრივ ვიზიტებში და პრაქტიკული გამოცდილების ურთიერთგაზიარებაში.
იმედია, ეს მჭიდრო თანამშრომლობა გაღრმავდება და კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდება.“ - განაცხადა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ თავის მოხსენებაში თემაზე: „ძირითადი უფლებები კონსტიტუციური დემოკრატიის ქართულ მოდელში: ღირებულებათა წესრიგი და განვითარების ვექტორი“.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ომბუდსმენმა, აზიის ომბუდსმენთა ასოციაციის თავმჯდომარემ და ევროპის სამართლის ინსტიტუტის პრეზიდენტმა.
საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნა შემდეგი თემები: „კონსტიტუციური ღირებულებები და ადამიანის უფლებები: გლობალური ტენდენციები და გამოწვევები“; „კონსტიტუციური პრინციპები: სამართლის უზენაესობისკენ მიმავალი გზა“ და კონსტიტუციონალიზმი“; „სახელმწიფო სუვერენიტეტი გლობალური სამართლებრივი ტრანსფორმაციის ერაში“.