სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“
2017 წლის 16 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №658).
კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე ითხოვდა „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლთან მიმართებით.
სადავო ნორმატიული აქტი განსაზღვრავს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, საერთო სასამართლოებში დისციპლინური საქმეების განხილვისა და მათზე გადაწყვეტილების მიღების წესს. საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების წესი უნდა მოწესრიგდეს კონსტიტუციითა და ორგანული კანონით. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ სადავო ნორმატიული აქტის კანონის ფორმით მიღება, ფორმალური თვალსაზრისით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლს.
საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის სისტემური ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების წესი გულისხმობს იმ პროცედურული ნორმების ერთობლიობას, რომელიც გამოიყენება ხსენებული გადაწყვეტილების მიღებისას. დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურა, რომელსაც შეიძლება შედეგად მოჰყვეს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება, დადგენილია სადავო კანონის II, III და V თავებით. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხსენებული ნორმები ფორმალური თვალსაზრისით არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლს.
საკონსტიტუციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ სადავო ნორმების საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაში, შეუძლებელი გახდებოდა მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური საქმისწარმოება. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონმდებელს უნდა მიეცეს გონივრული ვადა, რათა მან კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად მოაწესრიგოს მოსამართლეთა სამსახურიდან გათავისუფლების წესი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2018 წლის 1 მაისიდან.