სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა ახლად განწესებული მოსამართლის მანანა კობახიძის ფიცის დადების ცერემონიალი

2017 წლის 15 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა ახლად განწესებული მოსამართლის მანანა კობახიძის ფიცის დადების ცერემონიალი. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი თანამდებობის დაკავებამდე დებს ფიცს. ფიცის დადების ცერემონიაზე მოწვეული უნდა იქნენ საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

დღევანდელ ცერემონიალს დაესწრნენ   საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე.

მანანა კობახიძე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევამდე  იყო  მე-8 და მე-9 მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი. 2012-2016 წლებში მას ეკავა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა.

სხვადასხვა წლებში   მუშაობდა ა/ო  "კონსტიტუციის 42-ე მუხლში" პროექტის დირექტორად. ამავე ორგანიზაციაში  გამგეობის თავმჯდომარედ და აღმასრულებელი დირექტორად. 2005-2012 წლებში კითხულობდა ლექციებს კავკასიის უნივერსიტეტის  სამართლის სკოლაში. 2003-2012 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამამართლოს წევრად მანანა კობახიძე პარლამენტმა აირჩია მიმდინარე წლის 8 თებერვალს.