სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო გიორგი ნონიაშვილის საკონსტიტუციო სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 14 თებერვალს არსებითად განსახილველად არ მიიღო №780 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე გიორგი ნონიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, 30 დღის განმავლობაში შეზღუდოს უძრავი ქონების მესაკუთრის მიერ საკუთრების უფლებით სრულყოფილად სარგებლობა. ამგვარი შეზღუდვის საფუძვლად კი გამოიყენოს სასამართლოსთვის ქონებაზე ყადაღის დადების მოთხოვნით მიმართვისა და ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა კანცელარიიდან, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას.

სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მიერ დაყენებული პრობლემა რეგულირდება სადავო აქტის სხვა ნორმებით და არა იმ მუხლებით, რომელთა კონსტიტუციურობის შემოწმებასაც ითხოვდა მოსარჩელე.  კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების და წარმოების შეჩერების საკითხები, ასევე სარეგისტრაციო წარმოების დაწყებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი მოცემულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის სხვა მუხლებში.

„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციური სარჩელი არ იქნა მიღებული წარმოებაში საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მიერ.