სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო ქეთევან დოლიძის საკონსტიტუციო სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 9 თებერვალს არსებითად განსახილველად არ მიიღო №823 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე ქეთევან დოლიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

მოსარჩელეი თხოვდა სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანისთვის დადგენილი 5 წლიანი ზღვრული ვადის არაკონსტიტუციურად ცნობას. მოსარჩელის მტკიცებით სადავო რეგულაცია ართმევდა მას შესაძლებლობას ეფექტურად დაეცვა საკუთარი ქონებრივი უფლებები სასამართლოში.

სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმის კონსტიტუციურობა უკვე იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი და სასამართლოს მიერ ცნობილი იქნა კონსტიტუციურად. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სასამართლოსადმი მიმართვა არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების დროითი ჩარჩოები წარმოადგენს მოწესრიგებული სამოქალაქო ბრუნვის პროცესუალურ-სამართლებრივი მოწესრიგების მნიშვნელოვან გარანტიას და ემსახურება სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას.

„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სარჩელი არ იქნა მიღებული წარმოებაში საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მიერ.