სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 27 იანვარს არსებითად განსახილველად მიიღო №703-ე კონსტიტუციური სარჩელი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 27 იანვარს არსებითად განსახილველად მიიღო №703-ე კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

მოსარჩელე ითხოვს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის არაერთგზის ჩადენისათვისსისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი სასჯელის(„ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე“) არაკონსტიტუციურად ცნობას.

მოსარჩელის აზრით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის  ნაწილები ადგენს პასუხისმგებლობას ერთმანეთისგან განსხვავებული დანაშაულისთვის. შესაბამისად, ასეთი სტრუქტურის მქონე მუხლში დამამძიმებელი გარემოების გათვალისწინებისას მკაფიოდ ხდება მითითება მუხლის ნაწილზე, რომელზეც ის ვრცელდება. მოცემულ შემთხვევაში დამამძიმებელი გარემოების დამაფუძნებელი ნორმის დისპოზიციაში გამოყენებულია სიტყვები „იგივე ქმედება“ ყოველგვარი კონკრეტიზაციის გარეშე. ამდენად, მაკვალიფიცირებელი გარემოება, არაერთგზისობა, არ შეიძლება ვრცელდებოდეს სსსკ-ის 378-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებაზე, ის უნდა მიემართებოდეს მხოლოდ მისი წინა, მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას.

მოსარჩელის აზრით, მაკვალიფიცირებელი გარემოება ბუნდოვანია, ვინაიდან ის იძლევა  ნორმის იმგვარი განმარტების შესაძლებლობას, რომლითაც დასჯადი იქნება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის არაერთგზის ჩადენაც. ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია კი არღვევს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს, ვინაიდან დაწესებული სასჯელი არაპროპორციული და არათანაზომიერია ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან მიმართებით.

საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.