სიახლეები
„საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1794).
2025 წლის 5 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1794).
სადავო ნორმები განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია, გამოიყენოს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა და ადგენს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადას.
მოსარჩელე მხარე იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას დაქვემდებარებულ პირებს არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ მკურნალობას დაქვემდებარებული პირების არსებითად თანასწორ პირებად მიიჩნევს. მოსარჩელე განმარტავს, რომ არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობისგან განსხვავებით, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის დროს პაციენტი ვერ სარგებლობს მისი უფლებების ინტენსიური შეზღუდვის ადეკვატური საპროცესო გარანტიებით, მკურნალობის მიზანშეწონილობის გონივრული ინტერვალებით შეფასების ქმედითი მექანიზმით და ამ მექანიზმზე სათანადო სასამართლო კონტროლის შესაძლებლობით, რის გამოც ზემოაღნიშნული ღონისძიება იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას დაქვემდებარებული პირების მიმართ იწვევს თანასწორობის უფლების დარღვევას.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პირის განთავსება უკავშირდება პირის უფლებებში ინტენსიურ ჩარევას და თანმდევ განგრძობით ფსიქოლოგიურ სტრესს. მოსარჩელე ხაზს უსვამს, რომ არსებული საკანონმდებლო მოწესრიგება პირს დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენად მოიაზრებს და 4 წლამდე ვადით იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას აკისრებს, რაც მკაფიოდ არაადექვატურ და სასტიკს სასჯელს წარმოადგენს. მოსარჩელის განმარტებით, ასეთი მკაცრი ზომის გამოყენებას საფუძვლად უდევს ადამიანის დასჯის მიზანი და არა ლეგიტიმური მიზნის დაცვის ინტერესი, რის გამოც სადავო რეგულირება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან.
საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 21 ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებებისა და „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
