სიახლეები
„საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1821)
2025 წლის 6 ივნისს 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1821).
№1821 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავოა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც გამორიცხავს წინასასამართლო სხდომაზე და საქმის არსებითი განხილვის დროს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების, შეცვლის ან ძალაში დატოვების თაობაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების ცალკე გასაჩივრების შესაძლებლობას.
კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ საქმის არსებითი განხილვის სტადიაზე პატიმრობის გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების თაობაზე განჩინება სააპელაციო სასამართლოში საჩივრდება არა 48 საათში, არამედ საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად. სახალხო დამცველის შეფასებით, ამგვარი პრაქტიკა აზრს უკარგავს პატიმრობის გამოყენების კანონიერების გასაჩივრებას, ვინაიდან საქმის განხილვის დასრულების შემდეგ, საქმეზე განაჩენის მიღების დროს, იგი თავისთავად წყვეტს მოქმედებას. მოსარჩელის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრების პროცესუალური საშუალება თეორიულად შეიძლება არსებობს, იგი აბსოლუტურად არაეფექტიანია მიმდინარე პატიმრობის მართლზომიერების შესამოწმებლად. იგი თავისუფლების უკანონო შეზღუდვით გამოწვეული ზიანის შემდგომი კომპენსაციის ერთგვარი საშუალება უფროა, ვიდრე მიმდინარე შეზღუდვის მართლზომიერების გასაჩივრების მექანიზმი. ამგვარად, კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში ინტენსიური ჩარევა, ვინაიდან სადავო ნორმატიული შინაარსის საფუძველზე, გამოძიების სტადიისაგან განსხვავებით, წინასასამართლო სხდომის სტადიაზე და საქმის არსებითი განხილვის დროს, პატიმრობის გამოყენების, შეცვლის ან ძალაში დატოვების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და დასაბუთებულობის გასაჩივრება, სრულიად გამორიცხულია.
საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
