სიახლეები
საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარდგინებები (№772, 773, 784, 785, 789, 805, 866)
2017 წლის 17 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა (ზეპირი მოსმენის გარეშე) საქართველოს უზენაესი სასამართლოს №772, 773, 784, 785, 789, 805 და 866 კონსტიტუციურ წარდგინებებზე.
N773, №784, №789 და N866 კონსტიტუციურ წარდგინებებში ავტორი ითხოვდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის სხვადასხვა პუნქტებით გათვალისწინებული ნედლი მარიხუანას დამზადების, შეძენის, შენახვის (მათ შორის იმ პირის მიერ რომელსაც ადრე აქვს ჩადენილი ნარკოტიკული დანაშაულების თავის გათვალისწინებული დანაშაული) გამო სასჯელის სახით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის არაკონსტიტუციურად ცნობას.
ხოლო №772, №785 და №805 წარდგინებებში ავტორი ითხოვდა სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის საფუძველზე ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურად ცნობას. მსგავსი მოთხოვნა ასევე დაყენებული იყოს №784 კონსტიტუციურ წარდგინებაშიც.
2017 წლის 28 ივლისის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად (№1221-რს) 260-ე მუხლს დაემატა მე-6 ნაწილი, რომლის თანახმად ხსენებული ნორმა აღარ ვრცელდება ნარკოტიკულ საშუალება მარიხუანაზე. იმავე ცვლილებების შედეგად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. აღნიშნულიდან გამომდინარე, №772, 773, 784, 785, 789, 805 და 866 კონსტიტუციურ წარდგინებებში სადავოდ გამხდარმა ნორმებმა ძალა დაკარგეს.
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება უალტერნატივოდ იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ შეწყვიტა საქმე №772, 773, 784, 785, 789, 805 და 866 კონსტიტუციურ წარდგინებებზე.