სიახლეები
შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და შპს „ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
2017 წლის 29 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და შპს „ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი N679).
აღნიშნულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 55-ე მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
მოსარჩელე მხარის მტკიცებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს „საჯარო წესრიგის“ და „ზნეობის ნორმების“ საწინააღმდეგო გარიგებების ბათილობას, არღვევს საკუთრებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებებს. „საჯარო წესრიგი“ და „ზნეობის ნორმები“ ბუნდოვანი ტერმინებია და მოსამართლეს გაუმართლებლად ფართო დისკრეციას ანიჭებს, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში განსაზღვროს მათი შინაარსი. ამასთანავე, მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ არაკონსტიტუციურია აღნიშნული სადავო ნორმის ის კონკრეტული ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადგენს გარიგების ბათილობის შესაძლებლობას მარტოოდენ გარიგების ფასის შეუსაბამობის გამო.
მოპასუხე მხარის განმარტებით, ზნეობის ნორმების მსგავსი განუსაზღვრელი სამართლებრივი ტერმინების გამოყენებას სამოქალაქო სამართალში ობიექტური საფუძვლები გააჩნია და სადავო ნორმები გაუმართლებლად არ ზღუდავენ მოსარჩელეთა კონსტიტუციურ უფლებებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი წარმოადგენს გარიგების ბათილობის უზოგადეს საფუძველს, მისი მიზანია, მოუწესრიგებელი არ დატოვოს შემთხვევები, როდესაც გარიგების აღსრულება თავისი არსით ეწინააღმდეგება სახელშეკრულებო სამართლის ფუნდამენტურ მიზნებს, თუმცა არ ექცევა სამოქალაქო კოდექსის სხვა ნორმებით განსაზღვრულ ბათილობის საფუძვლებში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლების დადგენით, სახელმწიფო უარს ამბობს მხარეთა შეთანხმების ცნობასა და იძულებით აღსრულებაზე. აღნიშნული, ცხადია, არ გულისხმობს ამა თუ იმ ქმედების აკრძალვას ან ქმედებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. შესაბამისად, ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლების მომწესრიგებელი ნორმების განსაზღვრულობის კონსტიტუციური სტანდარტი არ არის ისეთი მკაცრი, როგორც ეს პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმებთან მიმართებით არის დადგენილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კერძო სამართლის თავისებურებებიდან გამომდინარე, გარკვეულ შემთხვევებში სახელშეკრულებო ურთიერთობების პირდაპირი, მკაცრად განსაზღვრული რეგულირებების გარეშე მოწესრიგება, გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების ბათილობის საკითხების ზოგადი ნორმებით მოწესრიგება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა არგუმენტაცია, რომლის თანახმადაც, სადავო ნორმა მოსამართლეს განუზომელ, უკონტროლო დისკრეციას ანიჭებს და მან სადავო ნორმას ნებისმიერი მისთვის სასურველი შინაარსი შეიძლება შესძინოს. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ საერთო სასამართლოს მოსამართლე სადავო ნორმის გამოყენებისას ვალდებულია მისი განმარტება განახორციელოს სისტემურად, სხვა ნორმებთან კონტექსტში. მან უნდა გაითვალისწინოს როგორც სამოქალაქო სამართლის ზოგადი დებულებები, ასევე, ზოგადად, სამართლის სისტემის, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ღირებულებები. ხოლო საერთო სასამართლოს მიერ განმარტებული თითოეული ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას აფასებს საკონსტიტუციო სასამართლო და ამ გზით უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს არაკონსტიტუციური შინაარსით ნორმის გამოყენება.
სადავო ნორმის მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებულ კონკრეტულ ნორმატიულ შინაარსზე მსჯელობისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებაზე (საქმე Nას-664-635-2016), სადაც უზენაესმა სასამართლომ ცხადად და ერთმნიშვნელოვნად დაადგინა, რომ სადავო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე მარტოოდენ გარიგების შეუსაბამო ფასი ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი ვერ გახდება. ამდენად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მოსარჩელის მიერ მითითებული შინაარსით გამოყენების კანონიერი შესაძლებლობა და ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მოსარჩელეს არაკონსტიტუციურად მიაჩნია, სადავო ნორმას არ გააჩნია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ N679 კონსტიტუციური სარჩელის, მასზე თანდართული სადავო ნორმატიული აქტის ტექსტისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N1/3/679 საოქმო ჩანაწერის ანალიზის მიხედვით დაადგინა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელი სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლთან დაკავშირებით არსებითად განსახილველად მიღებულია სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის მოქმედი რედაქციის კონსტიტუციურობას. მოსარჩელის წარმომადგენელმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიუთითა, რომ ის პრობლემურად მიიჩნევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის არა მოქმედ რედაქციას, არამედ მის 1997 წლის 25 ნოემბრიდან 2012 წლის 8 მაისამდე არსებულ შინაარსს. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, შეეფასებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის იმ (ძველი) რედაქციის კონსტიტუციურობის საკითხი, რომელიც არ წარმოადგენდა დავის საგანს. ამასთან, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია სადავო ნორმის (მოქმედი რედაქციის) არაკონსტიტუციურობის თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა N679 კონსტიტუციური სარჩელი.
გადაწყვეტილებას თან ერთვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის, მაია კოპალეიშვილის და თამაზ ცაბუტაშვილის განსხვავებული აზრი.