სიახლეები

ცხადდება რიგით მეორე კონკურსი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იურისტთა მიერ დაარსებული სტიპენდიის მოსაპოვებლად

 

„განათლება წარმოადგენს სოციალური ცხოვრების განუყოფელ პროცესს, რომლის საშუალებითაც ინდივიდები თავიანთი შესაძლებლობებით და უნარებით სწავლობენ თვითგანვითარებას და ასევე სარგებლის მოტანას როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის“.[1]

მოხარულნი ვართ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იურისტთა სახელით, გამოვაცხადოთ რიგით მეორე კონკურსი საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთათვის სასწავლო სტიპენდიის მოსაპოვებლად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლები, აღნიშნული ინიციატივით, გამოვხატავთ ჩვენს ერთგულებას განათლების კონსტიტუციური უფლების და მასზე ყველას ხელმისაწვდომობის მნიშვნელობისადმი.

ხშირ შემთხვევაში, სტუდენტთა სოციალურ-ეკონომიკური ფონი, სათანადო საცხოვრებელი პირობების არარსებობა ან/და ყოველდღიური ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით სასწავლო და სამუშაო პროცესის შეთავსების აუცილებლობა, ქმნის სერიოზულ ბარიერებს სტუდენტთა მიერ უმაღლესი განათლების სრულყოფილად მიღების თვალსაზრისით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სტიპენდიის დაარსებით, გვსურს, სოციალური სირთულეების წინაშე მდგარ სტუდენტებს, რომლებიც ეუფლებიან სამართალს და აქვთ შესაბამისი საჭიროება, შევუმსუბუქოთ განათლების მიღების პროცესში წარმოქმნილი სირთულეები.

ამასთანავე, სტიპენდია მიზნად ისახავს იურიდიული ფაკულტეტის იმ სტუდენტის ხელშეწყობასა და წახალისებას, რომელსაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება, ავლენს სწავლის მიმართ ენთუზიაზმს და პროფესიული წინსვლის პოტენციალს.

სტიპენდია შეიქმნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის იურისტთა ინიციატივით და არ წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ პოზიციას.

 

კონკურსში მონაწილეობის დასაშვებობის კრიტერიუმები

სასტიპენდიო განაცხადის შეტანა შეუძლია სტუდენტს, რომელიც:

  • არის საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრის საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე;
  • გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით (GPA 3.0 ან მეტი);
  • ასაბუთებს ფინანსურ საჭიროებას ან/და მნიშვნელოვან სოციალურ გამოწვევებს;
  • იზიარებს სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის ღირებულებებს.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

 

  • იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრის საფეხურზე სწავლისა და აქტიური სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ნიშნების ფურცელი);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ფინანსური/სოციალური საჭიროების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • შევსებული განაცხადის ფორმა;

 

განაცხადის ფორმის შევსება და შესაბამისი დოკუმენტების ატვირთვა შესაძლებელია წინამდებარე ბმულზე.

 

შერჩევის პროცესი:

სასტიპენდიო კონკურსი შედგება განცხადებების ფორმალური გადარჩევის, შინაარსობრივი შეფასებისა და, საჭიროების შემთხვევაში, გასაუბრების ეტაპებისგან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის იურისტთა ჯგუფი ყურადღებით განიხილავს ყველა განაცხადს და იურიდიული პროფესიის შესწავლის პროცესში მიღწეული წარმატების, საჭიროებისა და პოტენციალის საფუძველზე, შეარჩევს შესაბამის კანდიდატს. განაცხადების ფორმალური გადარჩევისა და შინაარსობრივი შეფასების შემდგომ, შესაძლოა, დამატებით გაიმართოს გასაუბრება, რის შესახებაც კანდიდატებს ეცნობებათ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის ნომრის საშუალებით.

 

სტიპენდიის დეტალები

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, განაცხადის ფორმის შევსება შესაძლებელია 2024 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით.

შერჩეული სტუდენტი გამოვლინდება 2024 წლის 15 სექტემბრამდე.

 

სტიპენდია გაიცემა 2024 წლის სექტემბრის თვიდან, ყოველი თვის 26 რიცხვში, ერთი სემესტრის (5 თვე) განმავლობაში, თვეში 500 ლარის ოდენობით.

გთხოვთ, ყველა იმ სტუდენტს, რომლებიც აკმაყოფილებთ სტიპენდიისთვის დადგენილ მოთხოვნებს, ისარგებლოთ ამ შესაძლებლობით.

 

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

მოგახსენებთ, რომ სასტიპენდიო კონკურსში მონაწილე პირთა ვინაობა კონფიდენციალურია. განაცხადის გამოგზავნით დაინტერესებული პირების პერსონალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ განცხადების განმხილველთათვის. კანდიდატების პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მხოლოდ იმ მიზნით, მოცულობითა და ვადით, რაც აუცილებელი და თანაზომიერია სასტიპენდიო კონკურსში გამარჯვებული პირის გამოსავლენად.

 

შეკითხვების ან დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ - ScholarshipCCG@gmail.com

გმადლობთ, რომ მხარს გვიჭერთ ამ ინიციატივაში.