სიახლეები

2017 წლის 7 აპრილს 11:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა კონსტიტუციურ სარჩელზე N851 საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლ

2017 წლის 7 აპრილს 11:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა №851-ე კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

მოსარჩელე ითხოვს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შრომის თავისუფლებასთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ითვალისწინებს საქმიანობის უფლების ჩამორთმევის დამატებით სასჯელად დანიშვნის შესაძლებლობას იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელად გათვალისწინებული არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით.

მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა  მოსამართლეს ანიჭებს შესაძლებლობას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეუფარდოს პირს იმ შემთხვევაშიც, როდესაც ასეთი სასჯელი გათვალისწინებული არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. სადავო რეგულირება ზღუდავს შრომის თავისუფლებას, ვინაიდან სასამართლოს ანიჭებს უფლებას ჩადენილი დანაშაულისთვის საკუთარი ინიციატივით ჩამოართვას პირს საქმიანობის უფლება, მაშინ, როდესაც სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით ასეთი სასჯელი არ არის დადგენილი.

საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.