სიახლეები

2016 წლის 26 თებერვლს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარდგინებებზე. (წარდგინება N708,709,710)

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4-5 იანვარს მომართა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სამი კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის N708, N709, N710) და მოითხოვა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც ითვალისწინებს „სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნისთვის უკანონო შეძენა-შენახვის გამო“.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიხედვით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ.

2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა „სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნისთვის უკანონო შეძენა-შენახვის გამო“. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე დაადგინა, რომ უმიზნო, გაუმართლებელია სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაკისრება პირისთვის ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ მის ჯანმრთელობას შეიძლება აყენებდეს ზიანს და როდესაც არ არსებობს პირის მიერ სხვებისთვის ზიანის მიყენების საფრთხე. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის სისხლისსამართლებრივი სასჯელის დაწესება, რომელიც შესაძლოა იწვევდეს პირის თავისუფლების აღკვეთას, წარმოადგენს არაპროპორციულ ზომას.

კონსტიტუციურ წარდგინენებთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ გასაჩივრებული ნორმა, არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად, ითვალისწინებს გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენა/შენახვის გამო პასუხისმგებლობას თავისუფლების აღკვეთის სახით. სხვაობა სადავო და არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმებს შორის არის მხოლოდ ამ ნარკოტიკული საშუალების ოდენობაში და, შესაბამისად, მისი შეძენა/შენახვისთვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმეში. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა ითვალისწინებდა უფრო დიდი ოდენობით გამომშრალი მარიხუანის შეძენა/შენახვისთვის (70 გრამამდე) და, შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსით უფრო მძიმე კრიმინალურ ქმედებად მიჩნეული დანაშაულისთვის  პასუხისმგებლობას  თავისუფლების აღკვეთის სახით. მაშასადამე, სასამართლომ 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის ნებისმიერი ოდენობისთვის (0,1-დან 70გ-მდე) თავისუფლების აღკვეთა ზოგადად (არა მხოლოდ სადავო ნორმით გათვალისწინებული 7-14 წლამდე, არამედ ერთი დღითაც კი) როგორც სასჯელი, არაკონსტიტუციურად მიიჩნია, ვინაიდან არ არსებობს საფუძველი ასეთი ქმედებისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის გამოყენებისთვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ კონსტიტუციური წარდგინებებით სადავოდ გამხდარი ნორმა, რომელიც ითვალისწინებს 50 გრამამდე იგივე ნივთიერების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის თავისუფლების აღკვეთას, 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების დამძლევი და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია.

ამგვარად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები (რეგისტრაციის N708, N709, N710) არ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად და სადავო ნორმა ძალადაკარგულად იქნა ცნობილი განჩინების გამოქვეყნების მომენტიდან.