სიახლეები

2016 წლის 16 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს

2016 წლის 16 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (სარჩელის რეგისტრაციის N853).

კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. საარჩევნო კოდექსის ხსენებული ნორმა აწესრიგებს პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგად გადაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესს. გადაუნაწილებლად მიიჩნევა მანდატები, რომლებიც რჩება 77 მანდატის პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროპორციულად გაყოფისა და მცირემანდატიანი პოლიტიკური სუბიექტებისათვის მანდატების რაოდენობის ექვსამდე შევსების შემდეგ. სადავო წესის თანახმად, გადაუნაწილებელი მანდატები რიგრიგობით გადანაწილდება იმ სუბიექტებზე, რომლებმაც შევსების გარეშე მიიღეს არანაკლებ 6 მანდატისა.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ იგი არის სარჩევნო სუბიექტი, რომელმაც პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში მიიღო ამომრჩეველთა 5%-ის მხარდაჭერა, შესაბამისად მის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა იყო 6-ზე ნაკლები. საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად მას მანდატების რაოდენობა შეევსო ექვსამდე და, შესაბამისად, სადავო ნორმის საფუძველზე იგი აღარ მონაწილეობს გადაუნაწილებელი მანდატების  გადანაწილების პროცესში.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი, რომელმაც გადალახა 5%-ანი ბარიერი, გადაუნაწილებელი მანდატების მიღების მიზნებისათვის არსებითად თანასწორ სუბიექტებს წარმოადგენს, ხოლო სადავო ნორმით დადგენილი წესი მათ გამორიცხავს მანდატების  განაწილების პროცესიდან, ამდენად, დისკრიმინაციულია მათ მიმართ.

საკონსტიტუციო სასამართლომ N853 კონსტიტუციური სარჩელი მიიღო არსებითად განსახილველად. ამასთან, არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ.