სიახლეები
2017 წლის 20 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განიხილება №702 კონსტიტუციური სარჩელი
2017 წლის 20 სექტემბერს 11:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განიხილება №702 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქეები - კონსტანტინე ლაბარტყავა, მალხაზ ნოზაძე და ირაკლი გიგოლაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
მოსარჩელეები არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ რეგულაციას, რომელიც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისთვის 3 წლის ვადით, ხოლო ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობის ან ამგვარი საშუალების გავრცელების ხელშემწყობი პირისთვის 5 წლის ვადით, სანქციის სახით, დამატებით ითვალისწინებს გარკვეული უფლებების ავტომატურად ჩამორთმევას. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში საქმიანობის უფლებების შეზღუდვას.
მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ მათ ერთმევათ მნიშვნელოვანი სამოქალაქო, პოლიტიკური, აგრეთვე კონკრეტული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებები, რომლებიც მათ განხორციელებასთან ერთად, არის პიროვნული თუ პროფესიული განვითარების, საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის შესაძლებლობა. აღნიშნული, თავისი არსით, სასჯელის სამართლებრივი ბუნების მატარებელია, რაც გაუმართლებლად ზღუდავს პირის რიგ კონსტიტუციურ უფლებებს.
საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
დავის საგანი: ა) „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისთვის ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობისთვის ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვას, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით; ბ) „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისთვის ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობისთვის ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით; გ) „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისთვის ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობისთვის ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; დ) „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისთვის ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობისთვის ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ე) „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისთვის ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობისთვის ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვას საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლთან მიმართებით და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.