საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი - გამოცემა 2 (2018)
გამოცემის თარიღი: დეკემბერი, 2018
ავტორი: კლაუს კრესი
აბსტრაქტი
რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოთა ასამბლეამ 2017 წლის 15 დეკემბერს, დილაადრიან, ნიუ-იორკში მიიღო გადაწყვეტილება 2018 წლის 17 ივლისიდან აგრესიის დანაშაულზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ამოქმედების შესახებ. ამოქმედების რეზოლუცია მიღებულ იქნა იურისდიქციის რეჟიმის ერთ ასპექტზე გამართული ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც აგრესიის დანაშაულზე კამპალის ცვლილებების მიღების შემდეგ დარჩა საკამათო. ნიუ-იორკში მიღწეული შეთანხმება აჯამებს რომისა და კამპალის კონფერენციების სამუშაოს და ასახავს შთამბეჭდავი საუკუნოვანი მოგზაურობის კულმინაციას. ყველა ნაკლოვანების მიუხედავად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მთავარ ოფისში მიღწეული კონსენსუსი კაცობრიობას უგზავნის დროულ მიმართვას, მსოფლიო მშვიდობის შენარჩუნების მიზნით, ნებისმიერი საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის დროს ძალის გამოყენების აკრძალვის ფუნდამენტური მნიშვნელობის შესახებ.
ნაშრომი: აგრესიის დანაშაულზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ამოქმედების შესახებ
გვერდები: 7-26
შენიშვნა: ხელახლა გამოქვეყნებულია ავტორისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობის ნებართვით. Claus Kreß; On the Activation of ICC Jurisdiction over the Crime of Aggression, Journal of International Criminal Justice, Volume 16, Issue 1, 1 მარტი 2018, გვ-გვ. 1–17, DOI: 10.1093/jicj/mqy007 ეწვიეთ ბმულს: https://academic.oup.com/jicj/article-abstract/16/1/1/4924915. გამოყენების ნებართვისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ: journals.permissions@oup.com.
ავტორი: იონ ელსტერი
აბსტრაქტი
ტრადიციული შეხედულების საპირისპიროდ, კონსტიტუციები იშვიათად იქმნება მშვიდ, განსჯისათვის ხელსაყრელ მომენტებში. სწორედ იმიტომ, რომ ისინი, ძირითადად, საზოგადოებრივი მღელვარების პერიოდში იწერება, დამფუძნებელი მომენტები ძლიერი ემოციების, და, ხშირად, - ძალადობის პროვოცირებას იწვევს. წინამდებარე ნაშრომში განხილულია ორი ასეთი შემთხვევა, - 1787 წლის ფედერალური კონვენტი და საფრანგეთის 1789-1791 წლების დამფუძნებელი კრება. ეს უკანასკნელნი მოიცავდნენ როგორც სახელმწიფოს, ისე სახალხო ძალადობას. აშშ-ში, უთანასწორო პოლიტიკური წარმომადგენლობის გამოცდილება ხსნის კონვენტის შეკრებამდე არსებულ ძალადობრივ მოვლენებსაც, და მის შედეგებსაც. ხოლო საფრანგეთში მეფის მინისტრ ნეკერის დათხოვნით აიხსნება ამ მოვლენის თანმდევი ძალადობა ქალაქებსა და სოფლებში, ისევე, როგორც ფეოდალიზმის საბოლოო გაუქმება და მონარქიის დამხობა.
L’anarchie est un passage effrayant, mais nécessaire, et c’est le seul moment où l’on peut arriver à un nouvel ordre des choses. Ce n’est pas dans des temps de calme qu’on prendrait des mesures uniformes. (“ანარქია შიშის მომგვრელი, მაგრამ საჭირო გზაა, - ეს ერთადერთი მომენტია, როდესაც საგანთა ახალი წესრიგი შეიძლება დამყარდეს. ერთგვაროვანი ზომები სიმშვიდის დროს არ მიიღება.”)
ნაშრომი: კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
გვერდები: 27-64
შენიშვნა:ხელახლა გამოქვეყნებულია: Jon Elster, Constitution-Making and Violence, Journal of Legal Analysis 2012; 4(1); 7-29, doi:10.1093/jla/las009, ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობის ნებართვით, ჰარვარდის სამართლის სკოლის ჯონ მ. ოლინის სამართლის, ეკონომიკისა და ბიზნესის ცენტრის სახელით. (c) ავტორი 2012. გამოქვეყნებულია ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ, ჰარვარდის სამართლის სკოლის ჯონ მ. ოლინის სამართლის, ეკონომიკისა და ბიზნესის ცენტრის სახელით. ამ სტატიაზე არ ვრცელდება ამ ჟურნალის Creative Commons Attribution (CC BY) 2.0 ლიცენზია. ეს სტატია გამოქვეყნებულია Creative Commons Attribution Non-Commercial License (http://creativecommons.org/licenses/by-nc/3.0), ლიცენზიის პირობებით, რომელიც იძლევა შეუზღუდავი არაკომერციული გამოყენების, დისტრიბუციის და რეპროდუქციის უფლებას ნებისმიერი გზით, იმ დათქმით, რომ ნაშრომის ორიგინალი შესაბამისად არის ციტირებული. კომერციული გამოყენების ნებართვისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ: journals.permissions@oup.com. ეწვიეთ ბმულს: https://academic.oup.com/jla/article/4/1/7/839393
ავტორი: კახი სამხარაძე
აბსტრაქტი
საკონსტიტუციო სასამართლოს იდეა არსებითად დაკავშირებულია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციების კონსტიტუციურ კონტროლთან და, მაგალითისათვის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრეცედენტიც (Marbury v. Madison) ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში გარკვეულწილად სწორედ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უფლებამოსილებათა კრიზისს უკავშირდებოდა კონსტიტუციური მართლმსაჯულების ისტორიაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, კონსტიტუციონალიზმის განვითარების თანამედროვე ეტაპზე შეფასდეს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციურ დავებთან დაკავშირებული როლი და მნიშვნელობა. ასევე აუცილებელია, შეფასდეს ევროპული გამოცდილება ამ მიმართულებით და ის, თუ რა მნიშვნელოვანი და საინტერესო შედეგები ჰქონდა ამგვარი კომპეტენციის ფარგლებში საკონსტიტუციო კონტროლსა და კონსტიტუციურ მართლმსაჯულებას. შესაბამისად, საკონსტიტუციო კონტროლის ამ საკვანძო ინსტრუმენტის ფარგლებში უნდა ვისაუბროთ ასევე სამართლის პრიმატზე, რომლის ფარგლებშიც უნდა განვითარდეს კონსტიტუციონალიზმის იდეა. აღნიშნული საკითხი დოქტრინალური მნიშვნელობისაა და, ამავე დროს, ქართული კონსტიტუციონალიზმის განვითარებისთვის განსაკუთრებული აქტუალობა გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის განხორციელების ძირითადი კონსტიტუციური მექანიზმი სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივ მსჯელობას უნდა დაეფუძნოს და ეს უნდა იყოს სტანდარტული პოლიტიკური შეკავება - გაწონასწორების მექანიზმებზე უპირატესი სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მდგენელის გარეშე ვერ განხორციელდება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება პოლიტიკური ფორმატების ნაცვლად სამართლებრივ ფორმატში იქნება მიღებული, რაც უზრუნველყოფს ხელისუფლების დანაწილების პრინციპის რეალიზაციის ფუნდამენტური და მეტ-ნაკლებად ობიექტური საფუძვლების შექმნას. ასევე უნდა ვისაუბროთ იმაზეც, რომ დღემდე საქართველოში ვერ შედგა ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონსენსუსი, რომელიც აუცილებელია კონსტიტუციონალიზმისათვის და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების რეალიზებისათვის. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, ვიმსჯელოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და, ზოგადად, სამართლის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე სახელმწიფო ხელისუფლების დანაწილების იდეის ფუნდამენტური რეალიზების მიმართულებით.
ნაშრომი: ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ნამდვილი სამართლის პრიმატი კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში
გვერდები: 65-86
ავტორი: გივი ლუაშვილი
აბსტრაქტი
წინამდებარე ნაშრომში მოცემული მსჯელობის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს კონსტიტუციის 2017 წლის რეფორმის დამოკიდებულების შეფასება კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმთან მიმართებით. კვლევისას გამოვლინდა ის ძირითადი დადებითი და უარყოფითი ტენდენციები, რომლებიც ახასიათებს კონსტიტუციის გადასინჯვის ახალ მექანიზმს.
კვლევის ფარგლებში მოხდა კონსტიტუციის გადასინჯვის ახალი მეთოდის რეტროსპექტულ ჭრილში შეფასება, რომლის შედეგად მივედით იმ დასკვნამდე, რომ კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი მიდის გამკაცრებისკენ. კვლევისას შეფასდა კონსტიტუციის გადასინჯვისთვის შერჩეული სკანდინავიური მოდელის დადებითი და უარყოფითი მხარეები და საბოლოო დასკვნის სახით აღინიშნა, რომ სკანდინავიურ, კვაზირეფერენდალურ მოდელს შესაძლებელია ბევრი უარყოფითი ნიშანი ახასიათებდეს, მაგრამ ის, როგორც უშუალო დემოკრატიის გამოხატულება და სტაბილურობის მნიშვნელოვანი მექანიზმი, საბოლოო ჯამში, დადებით ნაბიჯად შეფასდა. ასევე კრიტიკული შეფასება გაკეთდა კონსტიტუციის გადასინჯვის და დაჩქარებული წესით მიღების მექანიზმზე, რომელიც ფაქტობრივად აზრს უკარგავს სკანდინავიური მოდელის არსებობას.
ნაშრომის ფარგლებში მოცემულია მსჯელობა კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმის დამოკიდებულებაზე საკონსტიტუციო კონტროლთან დაკავშირებით და მუდმივი ნორმების არსებობის პერსპექტივასთან მიმართებით, რის შედეგადაც, ნაშრომში გამოითქვა კონკრეტული რეკომენდაციები და მექანიზმები მათ დანერგვაზე საქართველოს კონსტიტუციაში. ნაშრომში ასევე გამოითქვა მოსაზრებები კონსტიტუციის გადასინჯვის რიგი პროცედურული საკითხების უკეთესად ჩამოყალიბებაზე.
საბოლოო ჯამში, 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა კონსტიტუციის გადასინჯვასთან დაკავშირებით უნდა შეფასდეს როგორც წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არსებულ მექანიზმში არის მნიშვნელოვანი ხარვეზები, რომლის გამოსწორების გარეშე შეუძლებელი იქნება ითქვას, რომ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი არის სრულყოფილი და უხარვეზო.
ნაშრომი: საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
გვერდები: 87-110
ავტორი: შოთა ქობალია
აბსტრაქტი
წინამდებარე ნაშრომში მოდერნული კონსტიტუციისა და საჯარო ხელისუფლების ბუნების განმსაზღვრელი კრიტერიუმების ფონზე განხილულია კონსტიტუციის კონტროლის ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული მოდელების ძირითადი მახასიათებლები. „სპონტანური წესრიგის“ დოქტრინისა და კონსტიტუციის ინტერპრეტაციის ტიპის „ჩარჩოს ორიგინალიზმით“ გაკრიტიკებულია პროფესორ სტოუნ სვითის მიერ გამოთქმული მოსაზრება დეცენტრალიზებულ მოდელებში, კონსტიტუციური კონტროლის წმინდად სამართლებრივი ბუნების შესახებ. ცენტრალიზებული მოდელებისთვის დამახასიათებელი Erga Omnes ეფექტი და მონოპოლია კონსტიტუციის ინტერპრეტაციაზე მიჩნეულია, როგორც მოდერნული კონსტიტუციისგან შექმნილ სემანტიკურ სისტემასთან ჰარმონიაში მყოფი ინსტიტუტები. დეცენტრალიზებული მოდელი წარმოდგენილია როგორც სამართლებრივი სისტემის მყიფე ბუნებაზე აპელირება და მოდერნული კონსტიტუციის რიგი მახასიათებლებისგან გადახვევა. ნაშრომს ლაიტმოტივად გასდევს ის იდეა, რომ კონსტიტუციური კონტროლის მოდელთა თავისთავადი დადებითი ან უარყოფითი შეფასება არარელევანტურია და რომ სოციალური კონსტრუქციის ფუნქციონირებისგან გამოწვეული დესტრუქციული ეფექტების არარსებობა მის სრულყოფილებას არ ნიშნავს.
გვერდები: 111-122
ავტორი: გიორგი მირიანაშვილი
აბსტრაქტი
ნაშრომი მიმოიხილავს მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „სტეფანო მელონი ესპანეთის გენერალური პროკურატურის წინააღმდეგ“, რომლითაც წევრი სახელმწიფოების კონსტიტუციებზე ევროპული კავშირის სამართლის აბსოლუტური პრიმატის უზრუნველყოფა განხორციელდა. ამ გადაწყვეტილებას გააჩნია მნიშვნელოვანი ზეგავლენა კავშირის წევრი სახელმწიფოების კონსტიტუციებისა და ევროპული კავშირის სამართლის თანაფარდობის, ურთიერთდამოკიდებულების განსაზღვრის თვალსაზრისით. ნაშრომში შემოთავაზებულია მოსაზრება, რომ ევროპული კავშირის სამართლის გადმოსახედიდან, ეროვნულ სამართალთან, მათ შორის კონსტიტუციასთან მიმართებაში უპირატესობით სარგებლობს არა მხოლოდ ევროპული კავშირის აქტები, რომლებიც სუპრანაციონალურ განზომილებებშია მიღებული, არამედ აგრეთვე ე.წ. მთავრობათაშორისი თანამშრომლობის სფეროში მიღებული სამართლებრივი ინსტრუმენტები - ჩარჩო-გადაწყვეტილებები. ნაშრომში წარმოჩენილია, რომ ევროპული ინტეგრაციის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება და მიღწეული შედეგების შენარჩუნება ფუნდამენტურად აისახება წევრი ქვეყნების კონსტიტუციების უზენაესობაზე და განაპირობებს მათ შინაარსობრივ მოდიფიკაციას.
გვერდები: 123-128
ავტორი: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
აბსტრაქტი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომლებიც კონსტიტუციური მართლმსაჯულებისთვის განსაკუთრებულ ან ახალ მიდგომებს აწესებს. ქვემოთ მოცემულია წლის პირველი ნახევრის განმავლობაში მიღებული შვიდი ასეთი საქმის მოკლე მიმოხილვა, სადაც ასახულია საქმის არსი და სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობა.
მიმოხილული საქმეები:
საქართველოს მოქალაქეები - გუჩა კვარაცხელია, გივი ცინცაძე, გიორგი თავაძე, ელიზბარ ჯაველიძე და სხვები (სულ 17 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია” და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, შპს „კასტელ ჯორჯია“ და სს „წყალი მარგებელი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ
საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ
საქართველოს მოქალაქეები - მარინე მიზანდარი, გიორგი ჩიტიძე და ანა ჯიქურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს მოქალაქეები - ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
ნაშრომი: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა
გვერდები: 129-148