საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი - 1 (2021) - სპეციალური გამოცემა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუცია


№1-2 / 2021 გამოცემის თარიღი: 2021 წლის 25 დეკემბერი


მერაბ ტურავა: წინასიტყვაობა


ავტორი: რაინერ არნოლდი

აბსტრაქტი 

თანამედროვე კონსტიტუციონალიზმი ემყარება ადამიანზე ორიენტირებული ღირებულებების ფუნდამენტურ წესრიგს: ადამიანის ღირსებას, თავისუფლებასა და თანასწორობას. ეს ანთროპოცენტრული ღირებულებები ფუნქციურადაა ურთიერთკავშირში. კანონის უზენაესობა მათ გადასცემს ინსტიტუტების სფეროს, რომლებმაც თავად უნდა შეასხან ხორცი ამ ღირებულებებს და აღასრულონ ისინი ინდივიდებთან მიმართებაში. ჭეშმარიტი კონსტიტუცია შეიცავს ძირითადი ფასეულობების ამ წესრიგს, წერილობითი სახით თუ იმპლიცისტურად. ეს ღირებულებები უნივერსალურია, ყოველ შემთხვევაში, მათ ფუნქციურ არსში. შესაბამისად, თანამედროვე კონსტიტუციონალიზმს ახასიათებს სამი არსებითი ტენდენცია: ინდივიდუალიზაცია, კონსტიტუციონალიზაცია და ინტერნაციონალიზაცია. საქართველოს რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუცია შეესაბამება თანამედროვე კონსტიტუციონალიზმის არსებით სტანდარტებს და შეიძლება ჩაითვალოს თანამედროვედ, განსაკუთრებით, მისი ფუნდამენტური ღირებულებების სისტემასთან მიმართებით.

ნაშრომი: თანამედროვე კონსტიტუციონალიზმი და ანთროპოცენტრულ ღირებულებათა წესრიგი – საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის თანამედროვეობის შესახებ

გვერდები: 13-61


 

ავტორი: ირაკლი კლდიაშვილი

აბსტრაქტი 

მე-20 საუკუნის მიჯნაზე საქართველოს კონსტიტუცია რეგიონში ერთ-ერთი პროგრესული დოკუმენტი გახდა. მან არა მხოლოდ შემოიღო პოლიტიკური ძალაუფლების დანაწილება სახელისუფლებო შტოებს შორის, არამედ სრულყოფილად ასახა ის ფუნდამენტური ღირებულებები და უფლებები, რომელთაც იმდროინდელი დასავლური საზოგადოება იზიარებდა. დაწერილი კონსტიტუციის კონცეფციამ – ბუნებითი სამართლის ფილოსოფიაში განმტკიცებულ ფუნდამენტურ უფლებებთან ერთად – განაპირობა კონსტიტუციონალიზმის სიღრმისეული განსაზღვრის სრულიად ახალი პერსპექტივის გაჩენის შესაძლებლობა. გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციამ ასახა ეს ღირებულებები საკუთარ ტექსტში და გახადა თავისი თანამედროვე მემკვიდრის საფუძველიც. ამ თვალსაზრისით, უნდა გავიხსენოთ ამერიკის ის ფუნდამენტური ღირებულებებიც, რომელნიც აისახა მსოფლიოს პირველ დაწერილ კონსტიტუციაში – ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციაში.

ნაშრომი: ამერიკის კონსტიტუციონალიზმისა და ძირითადი უფლებების გაგება, ისტორიული რეტროსპექტივა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციით დეკლარირებული ღირებულებები

გვერდები: 63-80


 

ავტორი: მალხაზ მაცაბერიძე

აბსტრაქტი 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) დამფუძნებელნი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ქვეყნის ძირითადი კანონის, კონსტიტუციის შემუშავებას და მისი მიღება მიაჩნდათ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ (1919-1921) შეიმუშავა და 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო საქართველოს კონსტიტუცია, რომელსაც თავისი საპატიო ადგილი უკავია მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში. მას საფუძვლად დაედო ორი უმთავრესი პრინციპი – ერისა და პიროვნების თავისუფლება. კონსტიტუცია, თავისი თანმიმდევრული დემოკრატიზმით, მტკიცე საფუძველს ქმნიდა საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარებისათვის. საბჭოთა პერიოდში 1921 წლის კონსტიტუცია იყო სიმბოლო იმისა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ქართული სახელმწიფო, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კი უდავოდ იყო მიჩნეული, რომ 1921 წლის კონსტიტუცია საფუძვლად უნდა დადებოდა ქვეყნის ახალ კონსტიტუციას.

ნაშრომი: საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია – საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლო

გვერდები: 81-101


 

ავტორი: დიმიტრი გეგენავა

აბსტრაქტი 

ნებისმიერი სახელმწიფოს ისტორიასა თუ პოლიტიკურსამართლებრივ ცხოვრებაში კონსტიტუცია უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი მხოლოდ ფორმალური სტატუსითაა. საქართველოს პირველ კონსტიტუციას განსაკუთრებული ბედი ხვდა წილად, იგი არა მხოლოდ სამართლებრივ დოკუმენტად, არამედ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ისტორიულ-კულტურულ სიმბოლოდ იქცა. 
1921 წლის 21 წლის კონსტიტუცია ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სამართლებრივი აქტია, რომელიც ჯერ კიდევ მიღებისას იყო მითებით მოცული. რაც წლები გადის, მის შესახებ მითები მხოლოდ იმატებს. ამის მიზეზი როგორც თავად ამ კონსტიტუციის გამორჩეული არქიტექტონიკა, ისტორია და შინაარსია, ასევე მოქმედი კონსტიტუციის არამდგრადი სტატუსი და უამრავი ცვლილება, რამაც ქვეყნის ძირითადი კანონისადმი სკეპტიკური, ხშირ შემთხვევაში კი, აგდებული დამოკიდებულებაც კი განაპირობა. 
ნაშრომში განხილულია საქართველოს პირველ კონსტიტუციასთან დაკავშირებული რამდენიმე გაზვიადებული თუ უკვე მითად ქცეული მოსაზრება, შეფასებულია მათი სანდოობა და რეალურობა.

ნაშრომი: საქართველოს პირველი კონსტიტუცია: მითებსა და სინამდვილეს შორის

გვერდები: 103-112


 

ავტორი: ვახუშტი მენაბდე

აბსტრაქტი 

საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის მიღებიდან ერთი საუკუნე გავიდა. ის დღემდე რჩება დოკუმენტად, რომელიც მხოლოდ ლეგიტიმაციის მითოლოგიური საფუძვლის როლს ასრულებს, რაც მისი როგორც ცოცხალი დოკუმენტის აღქმას წინ ეღობება. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველა მცდელობა, რომელსაც მისი ანალიზი აქვს დასახული მიზნად, ამ ფაქტორითაა დაღდასმული. ანალიტიკური სამუშაო, რასაც ისინი ატარებენ, დღევანდელი პერსპექტივითა და ლიბერალური თეორიული ჩარჩოთია შემოსაზღვრული. პრობლემა თავად ანალიზის მეთოდია. პირველი რესპუბლიკის უზენაესი კანონი მარტივად არ ემორჩილება ამ მეთოდოლოგიურ ინსტრუმენტებს. ეს კი შეუძლებელს ხდის დოკუმენტის მნიშვნელობის, მისი საფუძვლებისა და მაშინდელ დროებასთან მიმართების გამოწვლილვით შესწავლას. წინამდებარე ტექსტი სწორედ ამ ხარვეზის გამოსწორებას ისახავს მიზნად. 
კონსტიტუციური საკითხების გარშემო გამართული მაშინდელი დისკუსიებიდან, ისევე როგორც საბოლოო დოკუმენტებიდან ცხადად ჩანს, რომ დამფუძნებლებმა არჩევანი უშუალო დემოკრატიის სასარგებლოდ გააკეთეს. ეს მოდელი მოქალაქეთა და სახელმწიფოს ერთიანობას ქადაგებს (ლიბერალური თეორიის საწინააღმდეგოდ, რომელიც მათ დაპირისპირებულ ელემენტებად მოიაზრებს) და სპეციფიკური მექანიზმების მეშვეობით ამ მოდელის გატარებას ცდილობს. ამ სისტემაში ამომრჩეველი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ყოველდღიურ პოლიტიკაში და მისი როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ პერიოდულ არჩევებში ხმის მიცემით. ხოლო, თავად საარჩევნო და ინსტიტუციური სისტემა ისეა მოწყობილი, რომ საზოგადოებისთვის მაქსიმალურად გაადვილდეს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ქართველმა მენშევიკებმა უბრალოდ კი არ აიღეს თეორიული მოდელი და საქართველოში მექანიკურად გადმოიტანეს, არამედ მოარგეს არსებულ კონტექსტს, კრიტიკულად გაიაზრეს და განავითარეს. 
ამგვარად, წინამდებარე ნარკვევი 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციას შეისწავლის უშუალო დემოკრატიის თეორიული ჩარჩოდან. ამისთვის კი გამოიყენებს ლოგიკური ანალიზის, ისტორიული და კომპარატივისტული კვლევის მეთოდებს, დაეყრდნობა მეცნიერთა ნაშრომებს, ისტორიულ წყაროებს, ნორმატიულ და საარქივო მასალას. ამ თვალსაზრისით წარმოდგენილი სტატია ცდილობს კონსტიტუციის დამუშავების ხანგრძლივი, მრავალხმიანი და დინამიკური პროცესი მკითხველისთვის გასაგები გახადოს; დაანახოს მას კონტექსტი და კონკრეტულ გადაწვეტილებამდე მისასვლელი გზები, რომელთაგან ზოგი მარტივი, სწორი და მკაფიოა, ზოგი კი მიხვეულ-მოხვეული, გაუკვალავი და, ასე განსაჯეთ, სახიფათოც კი.

ნაშრომი: უშუალო დემოკრატიის იდეა საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციაში

გვერდები: 113-170


 

მთლიანი გამოცემა