საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი - 2 (2021) - სპეციალური გამოცემა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუცია


№1-2 / 2021 გამოცემის თარიღი: 2021 წლის 25 დეკემბერი


მერაბ ტურავა: წინასიტყვაობა


ავტორი: პაატა ჯავახიშვილი

აბსტრაქტი 

საქართველოს 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტი პირველი საკონსტიტუციო მნიშვნელობის აქტია, რომლითაც საქართველოს პოლიტიკური წყობილების ფორმად დემოკრატიული რესპუბლიკა განისაზღვრა. ძირითადი ფაქტორები, რამაც საქართველოში ტრადიციული მონარქიული მმართველობის ფორმის ცვლილება განაპირობა, თავად მონარქიის აღდგენის შიში და სახელმწიფოს ისეთ მმართველობის ფორმაზე გადასვლის აუცილებლობა იყო, რომელიც სახელმწიფო მმართველობის სისტემაში სახალხო წარმომადგენლობის პრინციპის დამკვიდრებას, ხალხის, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების წყაროს იდეის რეალიზაციას უზრუნველყოფდა. აღსანიშნავია, რომ ეს არჩევანი მტკიცე და გაცნობიერებული იყო პოლიტიკური ხელისუფლების მიერ, რასაც ადასტურებს საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციაში დემოკრატიული რესპუბლიკის, როგორც საქართველოს პოლიტიკური წყობილების უცვლელი ფორმის აღიარება და გარანტირება. 
წინამდებარე სტატია მიზნად ისახავს საქართველოს პირველი კონსტიტუციით განსაზღვრული სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმის განხილვას, საკონსტიტუციო ნორმის ძირითადი ნორმატიული თავისებურებების შეფასებას, დემოკრატიული რესპუბლიკის, როგორც კონსტიტუციის მუდმივ და უცვლელ ნორმად ჩამოყალიბების განმსაზღვრელი ფაქტორების ანალიზს. ნაშრომში განხილულია დემოკრატიული რესპუბლიკის უცვლელ ნორმად ჩამოყალიბების პოლიტიკურსამართლებრივი წინაპირობები, მიზნები და აღნიშნული საკონსტიტუციო ნორმის სამართლებრივი ბუნება. პარალელია გავლებული თანამედროვე სახელმწიფოთა კონსტიტუციებში არსებულ უცვლელ ნორმებთან და წარმოდგენილია შესაბამისი დასკვნები.

ნაშრომი: უცვლელი ნორმის საკითხი საქართველოს პირველ კონსტიტუციაში

გვერდები: 171-182


 

ავტორი: ნიკა არევაძე

აბსტრაქტი 

სოციალური უფლებები ქართული კონსტიტუციონალიზმის ტრადიციაში ისტორიულად მნიშვნელოვან როლს იკავებს. საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის მე-13 თავი, „სოციალ-ეკონომიური უფლებანი“, მოიცავდა ისეთ პროგრესულ დებულებებს, როგორებიცაა უმუშევრობის შემცირების, შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის სოციალური დახმარების, შრომის უფლებების ნორმები და ხაზს უსვამდა ეროვნული უმცირესობებისათვის ამ უფლებათა გარანტიებს. 1921 წლის კონსტიტუციის ტრადიციის შესაბამისად, კონსტიტუციის თანამედროვე რედაქციის მე-5 მუხლი აცხადებს, რომ საქართველო სოციალურ სახელმწიფოს წარმოადგენს. ეს კონსტიტუციური პრინციპი პროგრესული სოციალური მიზნების ფართო სპექტრს მოიცავს და კონსტიტუციის მე-2 თავში განთავსებული სოციალური უფლებების საფუძველს წარმოადგენს. 
მიუხედავად საქართველოს კონსტიტუციაში ტრადიციულად მნიშვნელოვანი როლისა, სოციალური უფლებების სასამართლო აღსრულება სხვადასხვა თეორიულ თუ პრაქტიკულ სირთულესთანაა დაკავშირებული. სტატია განიხილავს თუ როგორი მიდგომა აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სოციალურ უფლებებთან. ამ მიზნით სტატია მიმოიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას და ასკვნის, რომ, მართალია, სასამართლოს ცალკეულ საქმეებში ჩამოყალიბებული აქვს გაბედული სტანდარტები, თუმცა მისი საერთო მიდგომა სოციალურ უფლებებთან ფრთხილი და თავშეკავებულია. 
სტატია ასევე განიხილავს თუ რა თეორიულ და პრაქტიკულ პრობლემებს აწყდება სასამართლო სოციალური უფლებების განხილვისას კონკრეტულ საქმეებში. იგი ასკვნის, რომ სასამართლოს მიერ იდენტიფიცირებული საკითხები როგორც სოციალური უფლებების ბუნებას, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატსა და ფუნქციას შეეხება. ეს კითხვები არა მარტო საქართველოს კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში, არამედ ასევე საერთაშორისო პრაქტიკასა და სოციალური უფლებების თეორიაშიც დიდი ხანია არსებობს. შესაბამისად, სტატია განიხილავს ამ კონცეპტუალურ საკითხებს და აყალიბებს მათი გადაჭრის თეორიულ და პრაქტიკულ გზებს სხვა სასამართლოების პრაქტიკის მაგალითზე. 

ნაშრომი: სოციალური სახელმწიფოს პრინციპი: საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა სოციალურ საკითხებზე

გვერდები: 183-216


 

ავტორი: რევაზ ხოფერია

აბსტრაქტი 

პოლიტიკური მოტივებით საგანმანათლებლო დაწესებულებების გარე კონტროლი ჩვეული პრაქტიკა იყო საბჭოთა კავშირში. შედეგად, არსებული სინამდვილე ჩანაცვლდებოდა ხოლმე პოლიტიკური პროპაგანდით. ნებისმიერი მოსაზრება, რომელიც შეეწინააღმდეგებოდა დამკვიდრებულ რეჟიმს, იკრძალებოდა, ისჯებოდა და განიკვეთებოდა სასწავლო დაწესებულებიდან. 
იძულებით გასაბჭოებამდე, საქართველოში განათლების სფეროს თავისუფლებისთვის პროგრესული გარანტიები შეიქმნა. სწავლების თავისუფლება აღიარებულ იქნა კონსტიტუციით. თუმცა აკადემიური თავისუფლების შესახებ პირველი კონსტიტუციით გათვალისწინებული ნორმა პრაქტიკაში არც ამოქმედებულა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის გამო. 
დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების შემდეგ, 1995 წელს მიღებული კონსტიტუციით გარანტირებულ იქნა განათლების მიღების უფლება. თუმცა პირველი კონსტიტუციისგან განსხვავებით, სწავლებისა და კვლევის თავისუფლების შესახებ ნორმა კონსტიტუციაში არ იქნა მითითებული. ბოლო პერიოდში, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, აკადემიური თავისუფლება აღიარებულ იქნა კონსტიტუციურ უფლებად და, შესაბამისად, მეტი დატვირთვა შეიძინა აკადემიური თავისუფლების სამართლებრივი შინაარსის გააზრებამ. 
სტატიაში განხილულია აკადემიური თავისუფლების როგორც კონსტიტუციით გარანტირებული უფლების მნიშვნელობა, მისი შინაარსი და შეზღუდვის სტანდარტები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს კანონმდებლობის, სამეცნიერო ლიტერატურაში გავრცელებული მოსაზრებებისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე.

ნაშრომი: აკადემიური თავისუფლება როგორც კონსტიტუციით გარანტირებული უფლება (შედარებით-სამართლებრივი ანალიზი გერმანიის, აშშ-ის და საქართველოს მაგალითზე) 

გვერდები: 217-234


 

ავტორი: ანა ბერიძე

აბსტრაქტი 

საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია პირდაპირ არ ითვალისწინებდა ადამიანის გარემოსდაცვით უფლებებს (განსაკუთრებული აქტუალურობა გარემოსდაცვითმა საკითხმა მთელი მსოფლიოსთვის მხოლოდ მე-20 საუკუნის მე-2 ნახევარში შეიძინა), თუმცა მისი მთავარი ღირებულება ადამიანი იყო და სახელმწიფოს მთავარ დანიშნულებას სწორედ მის კეთილდღეობაზე ზრუნვა წარმოადგენდა. ამ დოკუმენტით გარანტირებული იყო როგორც ადამიანის სიცოცხლის, ასევე, მისი ღირსეულად ცხოვრების უფლება. თანამედროვეობაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფრთხეს ამ უფლებებით სარგებლობას სწორედ კლიმატის ცვლილება და მასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი პრობლემები უქმნის. ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებები უშუალოდ არის გარანტირებული საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციით და გამომდინარეობს 1921 წლის კონსტიტუციის ღირებულებებიდან, შესაბამისად, სახელმწიფოს გააჩნია პოზიტიური ვალდებულებები, უზრუნველყოს ამ უფლებების სათანადო დაცვა და შექმნას ადამიანის ღირსეული ცხოვრებისთვის სათანადო პირობები კლიმატის ცვლილების კონტექსტში. 

ნაშრომი: სიცოცხლის უფლება კლიმატის ცვლილების კონტექსტში

გვერდები: 235-252


 

ავტორი: გულიკო მაჭარაშვილი, თამარ ონიანი

აბსტრაქტი 

საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციამ, 45-ე მუხლის შინაარსით, მხარი დაუჭირა იდეას, რომ კონსტიტუციაში ექსპლიციტურად ჩამოთვლილი უფლებები არ არის ამომწურავი და საბოლოო, რომ გარკვეული უფლებების ჩამოთვლა არ უარყოფს და არ ამცირებს სხვა უფლებების არსებობას. ამგვარი ჩანაწერი, შესაძლოა, შევადაროთ შაიოსეულ „შიშის და აღიარების“ შედეგს. იქ, სადაც დემოკრატიის მშენებლობას არცთუ ისე დიდი წარსული აქვს, შიში იმისა, რომ სახელმწიფო ეცდება, „საცა ვიწროა“ იქ გაწყვიტოს, ყოველთვის არსებობს. აშშ-ის კონსტიტუციის IX შესწორების იდეაც სწორედ ის იყო, რომ დამფუძნებელი მამების ნაწილს ეშინოდა, კონსტიტუციაში ჩამოთვლილ უფლებებს სამომავლოდ არ შეემცირებინა ადამიანის უფლებების დაცულობის მასშტაბი. 
სამეცნიერო სტატიის მიზანია, წარმოაჩინოს, შემცირდა თუ არა 1921 წლის კონსტიტუციის 45-ე მუხლის სამართალმემკვიდრე 1995 წლის კონსტიტუციის(2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის) 39-ე მუხლის მეორე თავიდან პირველ თავში გადატანით უფლების დაცულობის მატერიალური და საპროცესო გარანტიები. ამის წარმოსაჩენად, სტატია გააანალიზებს აშშ-ის კონსტიტუციის IX შესწორების მნიშვნელობასა და ამასთან დაკავშირებულ სასამართლო პრაქტიკას, ასევე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას 39-ე მუხლთან მიმართებით. სტატია ასევე მიმოიხილავს 45/39-ე მუხლებს „ცოცხალი კონსტიტუციის“ მექანიზმთან კავშირში. დასკვნის სახით, სტატია შეაჯამებს, კანონმდებელმა 2018 წლის ცვლილებებით უარყო თუ არა 1921 წლის კონსტიტუციის 45-ე მუხლის სამართალმემკვიდრეობა.

ნაშრომი: კონსტიტუციური მეხსიერება: დაივიწყა თუ არა კანონმდებელმა საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის 45-ე მუხლით გაკვალული გზა ადამიანის უფლებებისთვის?!

გვერდები: 253-280


 

მთლიანი გამოცემა