თელავის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური წარდგინება |
ნომერი | N1543 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | თელავის რაიონული სასამართლო |
თარიღი | 23 ოქტომბერი 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
ბ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მესამე ნაწილი: „თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხი გახდა, სასამართლოს გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით.“ სისხლის სამართლის კდექსის 34-ე მუხლის მესამე ნაწილი: “თუ დანაშაული შერაცხადმა პირმა ჩაიდინა, მაგრამ იგი ფსიქიკურად დაავადდა განაჩენის გამოტანამდე, რის გამოც არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს ან უხელმძღვანელოს მას, პირი სასამართლოს მიერ შეფარდებულ სასჯელს გამოჯანმრთელებამდე მოიხდის შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში.“ |
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი. „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.“ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მესამე პუნქტი „დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით.“ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტი „ბრალდებულს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი მოწმეების გამოძახება და ისეთივე პირობებში დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს.“ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტი „არავინ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრე განისაზღვრება კანონით.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი; „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) საკონსტიტუციო წარდგინება აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 313 -ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს:
ა) წარდგინება ფორმითა და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თელავის რაიონული სასამართლო უფლებამოსილია, წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ;
გ) სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მესამე ნაწილი “თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხი გახდა, სასამართლოს გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით“ და სისხლის სამართლის კდექსის 34-ე მუხლის მესამე ნაწილი: “თუ დანაშაული შერაცხადმა პირმა ჩაიდინა, მაგრამ იგი ფსიქიკურად დაავადდა განაჩენის გამოტანამდე, რის გამოც არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს ან უხელმძღვანელოს მას, პირი სასამართლოს მიერ შეფარდებულ სასჯელს გამოჯანმრთელებამდე მოიხდის შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში.“შეიძლება შეუსაბამოდ მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ, მესამე, მეოთხე და მეთერთმეტე პუნქტებთან, ხოლო სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივაა;
დ) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით;
ვ) არ არის დარღვეული წარდგინების შეტანის კანონით დადგენილი ვადა;
ზ) სადავო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტ(ებ)ის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
წარდგენილი ბრალდების არსი
ბრალდების შესახებ დადგენილება:
1. 2020 წლის 21 იანვარს სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ გამოიტანა დადგენილება არჩილ ჯანგულაშვილის ბრალდების შესახებ.
2. 2020 წლის 21 იანვრის ბრალდების დადგენილებით, არჩილ ჯანგულაშვილს ბრალად ერაცხება, საქართველოს სისხლის სასმართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 11’-126 მუხლის მეორე ნაწილის „ი“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
ბრალდების ფორმულირება:
არჩილ ჯანგულაშვილს ბრალად ედება, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.
მასვე ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის განაჩენით არჩილ ჯანგულაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასაჯელის ზომად დაენიშნა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2 წლით პირობით გამოსაცდელი ვადით არ იქნა გამოყენებული. სისხლის სამართლის კოდექსის 44 მუხლის თანახმად დაენიშნა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200 საათი, რაც მოიხადა 2019 წლის 26 მარტს.
2019 წლის 8 აგვისტოდან-2019 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდში, თანაცხოვრებისას სიღნაღის რაიონის სოფელ ილიაწმინდაში, ჯანგულაშვილების საცხოვრებელ სახლში, ოჯახური ძალადობისათვის ნასამართლევი არჩილ ჯანგულაშვილი მეუღლეს, ნატო გოგინაშვილის სისტემატიურად სცემდა და სხვაგვარად ძალადობდა. რაც გამოიხარებოდა ყელში ხელის ძლიერ მოჭერაში, თმების მოქაჩვასა და სხეულის სხვადასხვა ადგილებშიხელის დარტყმაში, ასევე სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა მას. აღნიშნული ქმედებების შედეგად ნატო გოგინაშვილმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.
ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სისხლის სასმართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 111-126 მუხლის მეორე ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით.
საქართველოს სისხლის სასმართლის კოდექსის 111-126 მუხლის მეორე ნაწილი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
1261 მუხლის მეორე ნაწილი ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
არჩილ ჯანგულაშვილს ბრალად ერაცხება, რომ ოჯახის წევრის მიმართ არაერთგზის ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში;
ზემოხსენებული ნასამართლობის მიუხედავად არჩილ ჯანგულაშვილმა 2019 წლის 14 ნოემბერს შუადღის საათებში, სიღნაღის რაიონის სოფელ ილიაწმინდაში, ჯანგულაშვილების საცხოვრებელი სახლის ეზოში, ოჯახური კონფლიქტის დროს, ოჯახური დანაშაულისთვის ნასამართლევი არჩილ ჯანგულაშვილი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლის, ნატო გოგინაშვილს. კერძოდ, თმების მოქაჩვით დაუჭირა თავი, რომელიც დაადებინა კუნძზე და ცულის დემონსტრირებით უთხრა, რომ მოაჭრიდა თავს, აღნიშნული ქმედების შედეგად ნატო გოგინაშვილს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
არჩილ ჯანგულაშვილს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, ოჯახის წევრის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ზემოხსენებული ნასამართლობის მიუხედავად არჩილ ჯანგულაშვილმა
2019 წლის 30 ნოემბერს, დილის საათებში, სიღნაღის რაიონის სოფელ ილიაწმინდაში, ჯანგულაშვილების საცხოვრბელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს, ოჯახური დანაშაულისათვის ნასამართლევი არჩილი ჯანგულაშვილი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, ნატო გოგინაშვილს კერძოდ, მიუთითა ბენზოხერხზე და უთხრა, რომ მოაჭრიდა თავს, აღნიშნული ქმედების შედეგად ნატო გოგინაშვილს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 111 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
გამოძიების მწარმოებელი ორგანო:
სისხლის სამართლის N034301119001 საქმეზე გამოძიებას აწარმოებდა საქართველოს შსს სიღნაღის რაიონული სამმართველო.
2020 წლის 30 იანვარს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში, ბრალდებულ არჩილ ჯანგულაშვილის მონაწილეობით, გაიმართა წინასასამართლო სხდომა, რა დროსაც მან თანხმობა განაცხადა, რომ მისი საქმე განეხილა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს.
2020 წლის 31 იანვარს სიღნაღის რაიონული სასამართლოდან თელავის რაიონულ სასამართლოში განსჯადობით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წარმართვის მიზნით, შემოვიდა არჩილ ჯანგულაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე. (სასამართლოს ნომერი 1/29-20) მას ბრალად ერაცხება საქართველოს სისხლის სასმართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 11’-126 მუხლის მეორე ნაწილის „ი“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდების საქმეს განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.
2020 წელის 29 ივნისს, თელავის რაიონული სასამართლოში ნაფიც მსაჯულების შერჩევის ეტაპზე სასამართლოს გადაწყვეტილებით არჩილ ჯანგულაშვილს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეეცვალა ნაკლებად მკაცრი ღონისძიებით, გირაოთი და გათავისუფლდა პატიმრობიდან. პატიმრობიდან გათავისუფლებისთანავე სისხლის N043301119001 საქმეზე, (სასამართლოს N1/195-20) ბრალდებული არჩილ ჯანგულაშვილი დააკავა კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა. 2020 წლის 01 ივლისს წარუდგინეს ბრალდება გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 111 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და 2020 წლის 02 ივლისის განჩინებით აღკვეთი ღონისძიებად შეეფარდა პატიმრობა.
არჩილ ჯანგულაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის N043301119001 საქმე, (სასამართლოს N1/195-20) განსჯადობით თელავის რაიონულ სასამართლოში შემოვიდა 2020 წლის 18 სექტემბერს. ბრალდებულის დაუსწრებლად წარიმართა წინასასამართლო სხდომა და არსებითად განსახილველად გადმომეცა მე.
წარდგენილი ბრალდების მიხედვით არჩილ ჯანგულაშვილმა ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა განზრახი მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში.
2017 წლის 21 ივნისს სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენით არჩილ ჯანგულაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავრდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
2019 წლის 30 ნოემბერს დაახლოებით 17 საათზე, სიღნარის რაიონის სოფელ ილიაწმინდაში, ოჯახური ძალადობისთვის ნასამართლევ არჩილ ჯანგულაშვილსა და მის მეუღლეს ნატო გოგინაშვილს მათსავე საცხოვრებელ სახლში მოუხდათ კონფლიქტი, რის გამოც ნატო გოგინაშვილმა დასახმარებლად მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს და ითხოვა შემაკავებელი ორდერის გამოცემა. აღნიშნული ფაქტით განაწყენებული არჩილ ჯანგულაშვილი დაემუქრა ნატო გოგინაშვილს, რომ მშობლებს დაუხოცავდა. იმავე დღეს დაახლოებით 18-19 საათების შუალედში არჩილ ჯანგულაშვილი მივიდა სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში მდებარე ნატო გოგინაშვილის მშობლების საცხოვრებელ სახლში და ნატო გოგინაშვილზე განაწყენებულმა, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით გლუვლულიანი სანადირო თოფიდან ესროლა მეუღლის მამას, ფირუზ გოგინაშვილს, რომელიც მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობების შდეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდების მხარემ ორივე (გამოძიების N034301119001 სასამართლოს ნომერი 1/29-20 და გამოძიების N043301119001 სასამართლოს N1/195-20) სისხლის სამართლის საქმეზე საქმეზე დანიშნა სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს სატციონალური სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2020 წლის 20 აგვისტოს N004661920 (გამოძიების N034301119001 სასამართლოს ნომერი 1/29-20) და 2020 წლის 14 აგვისტოს N004613620 (სისხლის სამართლის N043301119001 სასამართლოს N1/195-20) დასკვნებით დადგენილია, რომ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენამდე და ჩადენის დროს არჩილ ჯანგულაშვილი ფსიქიკურად დაავადებული არ იყო. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს არჩილ ჯანგულაშვილს შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). ამჟამად არჩილ ჯანგულაშვილს აღენიშნება ფსიქიკის დროებითი აშლილობა-სხვა დაზუსტებული დისოციაციური აშლილობანი - ფსიქოგენური აბნევის მდგომარეობა (კოდი f44.88; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, არჩილ ჯანგულაშვილს არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას; მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. ამჟამად არჩილ ჯანგულაშვილი დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს შეუშლის სასჯელის მოხდას სასჯელაღსრულების სისტემის პირობებში. ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით არჩილ ჯანგულაშვილს არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისი მხრიდან არსებობს საკუთარი თავისა და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარისა და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობისა და ქცევის რისკის ხარისხის მიხედვით, ამჟამად არჩილ ჯანგულაშვილი წარმოადგენს სოციალურ საშიშროებას და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი არჩილ ჯანგულაშვილმა უნდა მოიხადოს (არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარება) შესაბამის დაწესებულებაში (რეკომენდებულია აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; ხონი-ქუტირი), არანებაყოფლობითი-ფსიქიატრიული სტაციონალური დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაუგრძელდეს საერთო წესით.
თელავის რაიონულ სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა განსჯადი ბრალდების სისხლის სამართლის საქმის პარალელურად, სიღნაღის რაიონულ სასამართლოში იხილებოდა არჩილ ჯანგულაშვილის ბრალდების სხვა სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც ასევე ჩატარდა სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა. სასამართლო ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ 2020 წლის 20 აგვისტოს N004661920 და 2020 წლის 14 აგვისტოს N004613620 დასკვნების ანალოგიური დიაგნოზი დაადგინა.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 აგვისტოს განაჩენით (საქმე №1/169-18წ) არჩილ ჯანგულაშვილი დანმაშავედ იქნა ცნობილი წარდგენილ ბრალდებაში, მიესაჯა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა და მოთავსდა ფსიქიატრიულ სტაციონარული დახმარების შესაბამის სამედიცინო სამკურნალო დაწესებულებაში - აკად. ბ. ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, (ხონი - ქუტირი).
ამდენად, მოცემულ ეტაპზე სახეზე გვაქვს ისეთი მდგომარება, როდესაც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს აღენიშნება ფსიქიკის დროებითი აშლილობა-სხვა დაზუსტებული დისოციაციური აშლილობანი - ფსიქოგენური აბნევის მდგომარეობა (კოდი f44.88; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით) და მას თავისი ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას; მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. მიუხედავად იმისა, რომ არჩილ ჯანგულაშვილმა გამოხატა სურვილი, რომ მისი ბრალდების საქმე განეხილა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, მას თავისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სისხლის სამართლის პროცესში, კერძოდ მას არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ნაფიც მსაჯულთა კანდიდატების შერჩევაში და მტკიცებულებების გამოკვლევაში, მას არ შესწევს უნარი დააყენოს შუამდგომლობები, დასკვას შეკითხვები, მისცეს ჩვენება და საბოლოო სიტყვით მიმართოს სასამართლოს.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მესამე ნაწილის ნაწილის პირველი წინადადება- „ თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხი გახდა, სასამართლოს გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი“ და სისხლის სამართლის კდექსის 34-ე მუხლის მესამე ნაწილი: „თუ დანაშაული შერაცხადმა პირმა ჩაიდინა, მაგრამ იგი ფსიქიკურად დაავადდა განაჩენის გამოტანამდე, რის გამოც არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს ან უხელმძღვანელოს მას, პირი სასამართლოს მიერ შეფარდებულ სასჯელს გამოჯანმრთელებამდე მოიხდის შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში.“ შეიძლება შეუსაბამოდ მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ, მესამე, მეოთხე და მეთერთმეტე პუნქტებთან, ხოლო სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივაა;
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მესამე ნაწილი „თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხი გახდა, სასამართლოს გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით“ და სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის მესამე ნაწილი: „თუ დანაშაული შერაცხადმა პირმა ჩაიდინა, მაგრამ იგი ფსიქიკურად დაავადდა განაჩენის გამოტანამდე, რის გამოც არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს ან უხელმძღვანელოს მას, პირი სასამართლოს მიერ შეფარდებულ სასჯელს გამოჯანმრთელებამდე მოიხდის შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში.“ შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ, მესამე, მეოთხე და მეთერთმეტე პუნქტებთან შემდეგი გარემოებების გამო.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი განმარტავს, რომ ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სასამართლოსადმი მიმართვა არ მოიაზრებს მხოლოდ სასამართლოში სარჩელის, საჩივრისა, ან სხვა პროცესუალური დოკუმენტის შეტანის გზით მიმართვას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს იმ ბრალდებების ჩამონათვალს, რომელთა წარდგენის შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილი ბრალდებულს უფლებას აძლევს, რომ მოითხოვოს საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე იქნეს განხილული. ამ შემთხვევაში საქმეს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე განიხილავს. იმ შემთხვევაში კი, თუ ბრალდებული ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარს არ განაცხადებს, მოსამართლე ნიშნავს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის თარიღს (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბოლო წინადადება).
არჩილ ჯანგულაშვილმა საქართველოს სისხლის სასმართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 11’-126 მუხლის მეორე ნაწილის „ი“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო (გამოძიების N034301119001 სასამართლოს ნომერი 1/29-20) საქმის განხილვისას, სირნაღის რაიონულ სასამართლოში მინდინარე წინასასამართლო სხდომაზე 2020 წლის 30 იანვარს გამოხატა რა თავისი ნება, მოითხოვა, რომ მისი ბრალდების საქმის განხილვაში მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებამ, საქმე განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, რაც ვერ შეძლო თელავის რაიონულ სასამართლოში გამართულ 111 109 მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ და მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების წინასასამართლო სხდომაზე განხილვის დროს, 2020 წლის 24 სექტემბერს სისხლის სამართლის N N043301119001 საქმეზე, სასამართლოს N1/195-20. მაშინ, როდესაც 111 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება უვადო თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს. ამ დროს, ანუ 2020 წლის 24 სექტემბერს, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 აგვისტოს განაჩენით (საქმე №1/169-18წ) არჩილ ჯანგულაშვილი მოთავსებული იყო ფსიქიატრიულ სტაციონარული დახმარების შესაბამის სამედიცინო სამკურნალო დაწესებულებაში - აკად. ბ. ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ხონი - ქუტირი).
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით.“ იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-14 ნაწილიც, რომლის თანახმადაც, „ბრალდებულს უფლება აქვს: მონაწილეობა მიიღოს მისი ბრალდების საქმის გამოძიებაში, ასევე უშუალოდ ან დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით − სასამართლო განხილვაში; დააყენოს შუამდგომლობა და განაცხადოს აცილება; დაცვის მხარის მტკიცებულება გამოიკვლიოს იმავე პირობებში, როგორშიც ბრალდების მხარის მტკიცებულების გამოკვლევა ხდება; გაეცნოს მხარის მიერ შეტანილ საჩივარს და მასზე გამოთქვას მოსაზრება; გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმს და მასზე გამოთქვას შენიშვნა.“
აღნიშნული ნორმები ცალსახად განსაზღვრავენ ბრალდებულის უფლებას უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა სისხლის სამართლის საქმის განხილვაში, რაც თავისთავად გულისხმობს მის მიერ საქმის განხილვაში გაცნობიერებულ მონაწილეობას და მის მიერ გაცნობიერებული გადაწყვეტიებების მიღებას. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ბრალდებულის მონაწილეობის გარეშეა საქმის განხილვა შესაძლებელი, ესაა როდესაც ბრალდებული თავს არიდებს საქმის განხილვაში მონაწილეობას ან/და მის მიმართ ძებნაა გამოცხადებული (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-9 ნაწილი; 189-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს რა დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადებული პირის გასამართლების და განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას, არ შეიცავს დებულებებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, მიერ ფსიქიკურად დაავადებული პირის მიმართ საქმის განხილვის პროცედურის შესახებ. მკაფიო პროცედურების არ არსებობის პირობებში არსებობს ნორმის იმდაგვარად განმარტების შესაძლებლობა, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არჩევის შემდეგ, ბრალდებულს შეეზღუდოს ნაფიც მსაჯულთა შერჩევაში და შემდეგ კი, მათ მიერ საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლება, ან საქმე მისი ნებისგან დამოუკიდებლად გადაეცეს რაიონულ (საქალაქო) მოსამართლეს. თუ ფსიქიკურად დაავადებული პირის მიმართ გამოვიყენებთ მიმალვაში მყოფი პირის მიმართ საქმის წარმოების წესს, მაშინ, მხედველობაში მისაღებია, რომ მიმალვაში მყოფი ბრალდებული ვერ სარგებლობს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლებით. ასეთ შემთხვევაში სასამართლო წარიმართება ბრალდებულის მონაწილეობის გარეშე.
ამდენად, ერთ მხრივ სახეზეა ბრალდებულის კონსტიტუციის გარანტირებული უფლება მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, ხოლო მეორე მხრივ კი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცალკეული დებულებები ვერ უზრუნველყოფენ ბრალდებულის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების რეალიზაციას. აღნიშნული ნორმა პრობლემურია პირის მიმართ ბრალდების წარდგენის მომენტისთვისაც, რამეთუ იგი შესაძლებლობას იძლევა ბრალი წარუდგინო ფსიქიკურად დაავადებულ პირს, რომელსაც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად არ შეუძლია გაცნობიერებული გადაწყვეტილებების მიღება და მოქმედება. ასევე პრობლემურია რაიონული, საქალაქო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის კუთხით.
ასევე საყურადღებოა, თავად ექსპერტიზის დასკვნით ბრალდებულისათვის დასმული დიაგნოზი, რომ ამჟამად არჩილ ჯანგულაშვილს აღენიშნება ფსიქიკის დროებითი აშლილობა-სხვა დაზუსტებული დისოციაციური აშლილობანი - ფსიქოგენური აბნევის მდგომარეობა (კოდი f44.88; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). რადგან ბრალდებულს ფსიქიკის დროებითი აშლილობა აღენიშნება, შესაძლებელია მომავალში მისი გამოჯანმრთელება და ამის მიუხედავად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი რეგულაციები, ბრალდებულს საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლებას უზღუდავს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. ანუ თუკი ბრალდებულს, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, თუნდაც დროის მცირე მანძილზე არ შეუძლია სასამართლო განხილვაში მონაწილეობა, მას მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, გამოჯანმრთელების შემდეგ ერთმევა საქმის განხილვაში მონაწილეობისა და მიღებულ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) მეექვსე მუხლი, სამართლიანი სასამართლოს უფლება, გამორიცხავს სასამართლო პროცესის დაუსწრებლად წარმოებას შეურაცხადი ბრალდებულის წინააღმდეგ, რომელსაც არ შეუძლია არსებითი წვლილი შეიტანოს თავის დაცვაში. ასევე შეუძლებელია საპროცესო შეთანხმების გზით განაჩენის გამოტანაც, ვინაიდან ბრალდებული ვერ შეძლებდა ამ შეთავაზების შეფასებას, ხოლო ადვოკატი ვერ შეძლებდა ასეთი შეთავაზების მიღებას - თუნდაც ეს ყოფილიყო უდავოდ ბრალდებულის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლი ბრალდებულს აძლევს უფლებას, რომ ჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალებანი საკუთარი დაცვის მოსამზადებლად.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მესამე ნაწილი „თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხი გახდა, სასამართლოს გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით“ და სისხლის სამართლის კდექსის 34-ე მუხლის მესამე ნაწილი: „თუ დანაშაული შერაცხადმა პირმა ჩაიდინა, მაგრამ იგი ფსიქიკურად დაავადდა განაჩენის გამოტანამდე, რის გამოც არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს ან უხელმძღვანელოს მას, პირი სასამართლოს მიერ შეფარდებულ სასჯელს გამოჯანმრთელებამდე მოიხდის შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში“ ასევე ეწინააღმდეგებიან და არღვევენ სამართლიანი სასამართლოს უფლებას. სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს სამართალწარმოებაში ეფექტური მონაწილეობის უფლებას და თუ, ბრალდებული სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე ფსიქიკურად დაავადა, მის გამოჯანმრთელებამდე უნდა არსებობდეს საქმის წარმოების შეჩერების მექანიზმი, რათა უზრუნველყოფილი იყოს, დაცვის მომზადების უფლება, მოწმეების დაკითხვის უფლება. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულს არ შესწევს ადვოკატთან ეფექტური კომუნიკაციის ან სხდომებზე დასწრების უნარი, ხომ არ დაირღვევა ზემოთ ჩამოთვლილი უფლებები, თუ სასამართლო ბრალდებულის დაუსწრებლად საქმის განხილვას გააგრძელებს.
ბრალდებულის პროცესზე არყოფნას, თუ შევადარებთ ძებნილი ბრალდებულის მიმართ სასამართლო განხილვას, აშკარად გამოჩნდება, რომ ბრალდებული არჩილ ჯანგულაშვილი არ აპირებს, რომ არ დაესწროს და თავი აარიდოს სასამართლოში მონაწილეობას. პირიქით, მას არა საკუთარი ბრალეულობით, გონებრივი დაავადების გამო არ შეუძლია დასწრება. მართალია, ბრალდებულის არყოფნის დროს წარმოებული სასამართლო პროცესები თავისთავად არ არის შეუსაბამობაში კონვენციის მე-6 მუხლთან, მაგრამ უდავოდ ადგილი აქვს მართლმსაჯულებაზე უარის თქმას. ფსიქიკური ავადმყოფობის გამო დაუსწრებლად განხილვის შემთხვევაში, მსჯავრდებულ პირს არ შეუძლია სასამართლოსგან მიიღოს განმარტება წარდგენილი ბრალდების თაობაზე, ვერ მონაწილეობს მტკიცებულებების გამოკვლევაში, ასევე ფაქტთან მიმართებაში ვერ მისცემს განმარტებას. არჩილ ჯანგულაშვილი არ იმყოფება სასამართლო განხილვაზე. მას უარი არ უთქვამს თავის უფლებაზე გამოცხადებულიყო სასამართლო პროცესზე და არც რაიმე განზრახვა ჰქონია, რომ თავი აერიდებინა მისთვის.
თუ ეს საქმეები დაუსწრებლად განიხილება და გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი, არჩილ ჯანგულაშვილს, თუ ის ოდესმე აღიდგენს ფსიქიკურ მდგომარეობას, აღარ ექნება უფლება, ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით. ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ამ საქმის განხილვა საერთოდ არ უნდა გაგრძელდეს, ვინაიდან ბრალდებულს არ შეუძლია დაესწროს პროცესს არა საკუთარი მიზეზით/ბრალეულობით, არამედ ფსიქიკური ავადმყოფობის გამო. მას არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას; მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში.
სხენებული საქმეების განხილვა არ უნდა გაგრძელდეს, სანამ ბრალდებულს არ შეეძლება დაესწროს ან არსებითად მიიღოს მონაწილეობა სასამართლო პროცესში. ასევე უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი, რომ სასამართლო პროცესის ჩატარებით უგულველყოფილი იქნება ზემოთ აღწერილი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულებები და დაირღვევა კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული პროცედურული უფლებები 1. კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები არ შეიძლება იყოს იმაზე ნაკლები, ვიდრე გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად. ამრიგად, 31-ე მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური უფლებები, კერძოდ სამართლიანი სასამართლო განხილვა, საკუთარი თავის დაცვა „პირადად“, საკუთარი თავის დაცვა პირადად ან ადვოკატის საშუალებით (რაც მოითხოვს ეფექტური კომუნიკაციის შესაძლებლობას) და მოწმის დაკითხვის შესაძლებლობა, ყოველივე ეს უზრუნველყოფილი უნდა იქნას გამომდინარე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან.
დასკვნა:
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მესამე ნაწილი, „თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხი გახდა, სასამართლოს გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით“ და სისხლის სამართლის კდექსის 34-ე მუხლის მესამე ნაწილი: თუ დანაშაული შერაცხადმა პირმა ჩაიდინა, მაგრამ იგი ფსიქიკურად დაავადდა განაჩენის გამოტანამდე, რის გამოც არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს ან უხელმძღვანელოს მას, პირი სასამართლოს მიერ შეფარდებულ სასჯელს გამოჯანმრთელებამდე მოიხდის შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში.
შეიძლება შეუსაბამოდ იქნეს მიჩნეული საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ, მესამე, მეოთხე და მეთერთმეტე პუნქტებთან.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი. „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.“
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მესამე პუნქტი „დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით.“
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტი „ბრალდებულს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი მოწმეების გამოძახება და ისეთივე პირობებში დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს.“
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტი „არავინ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრე განისაზღვრება კანონით.“
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა