თელავის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/3/1543 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 26 თებერვალი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 9 მარტი 2021 18:31 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: თელავის რაიონულისასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ, მე-3, მე-4 და მე-11 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. 2020 წლის 23 ოქტომბერს თელავის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე – მამუკა წიკლაური) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მომართა კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №1543). კონსტიტუციური წარდგინება, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა 2020 წლის 26 ოქტომბერს. №1543 კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 26 თებერვალს.
2. №1543 კონსტიტუციურ წარდგინებაში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „თუ დანაშაული შერაცხადმა პირმა ჩაიდინა, მაგრამ იგი ფსიქიკურად დაავადდა განაჩენის გამოტანამდე, რის გამოც არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს ან უხელმძღვანელოს მას, პირი სასამართლოს მიერ შეფარდებულ სასჯელს გამოჯანმრთელებამდე მოიხდის შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში“. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხი გახდა, სასამართლოს გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით.
4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სასამართლოსთვის მიმართვისა და საქმის სამართლიანად და დროულად განხილვის კონსტიტუციური უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით“. ამავე მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ ბრალდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს თავისი მოწმეების გამოძახება და ისეთივე პირობებში დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით კი, „არავინ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრე განისაზღვრება კანონით“.
5. კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებულია, რომ 2020 წლის 8 ოქტომბერს, თელავის რაიონულმა სასამართლომ შეაჩერა სასამართლო განხილვა არჩილ ჯანგულაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე და კონსტიტუციური წარდგინებით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
6. №1543 კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, არჩილ ჯანგულაშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რიგი დანაშაულების ჩადენაში. კერძოდ, 2020 წლის 21 იანვრის და 2020 წლის 1 ივლისის ბრალდების დადგენილებების თანახმად, არჩილ ჯანგულაშვილს ბრალი ედება 2019 წლის 8 აგვისტოდან 2019 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდში ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ცემის ან ძალადობის, სიცოცხლის მოსპობის მუქარის, ასევე – ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახი მკვლელობის განხორციელებაში. ბრალდების მხარემ ორივე სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნა ბრალდებულის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
7. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის 2020 წლის 14 და 20 აგვისტოს დასკვნებით დადგენილია, რომ არჩილ ჯანგულაშვილი ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენამდე და ჩადენის დროს ფსიქიკურად დაავადებული არ იყო, შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და, ამდენად, იყო შერაცხადი. აღნიშნულის მიუხედავად, ექსპერტიზის ჩატარების დროისათვის, ბრალდებულს აღენიშნება ფსიქიკის დროებითი აშლილობა, არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და არსებობს საკუთარი თავისა და სხვა პირებისთვის ზიანის მიყენების, მუქარისა და ძალადობის შემცველი ქცევის საფრთხე.
8. თელავის რაიონული სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულს, მისი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეუძლია, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში, მათ შორის, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და ნაფიც მსაჯულთა კანდიდატების შერჩევის პროცესში. ბრალდებულს ასევე არ აქვს უნარი, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით, დასვას შეკითხვები, მისცეს ჩვენება და საბოლოო სიტყვით მიმართოს სასამართლოს.
9. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარდგინების ავტორი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის მიერ საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი საპროცესო უფლებების რეალიზაციას, ვინაიდან უშვებს ფსიქიკურად დაავადებული პირის გასამართლების და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს სამართალწარმოებაში ეფექტურ მონაწილეობას. ამდენად, თუ ბრალდებული სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე ფსიქიკურად დაავადდა, უნდა არსებობდეს საქმისწარმოების შეჩერების მექანიზმი, რათა უზრუნველყოფილი იყოს რიგი საპროცესო უფლებებით, მათ შორის, ადვოკატთან ეფექტური კომუნიკაციის, სხდომებზე დასწრების, მოწმეთა დაკითხვის, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის უფლებებით სარგებლობა.
10. კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, ბრალდებულს აღენიშნება დროებითი აშლილობა, შესაბამისად, არსებობს სამომავლოდ მისი გამოჯანმრთელების შესაძლებლობა. წარდგინების ავტორი აღნიშნავს, რომ საქმის ბრალდებულის დაუსწრებლად განხილვის და გამამტყუნებელი განაჩენის მიღების შემდეგ, მისი გამოჯანმრთელების შემთხვევაში, აღარ იარსებებს მიღებულ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა. ამავდროულად, კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მიიჩნევს, ბრალდებულის დაუსწრებლად წარმართული სისხლის სამართლის პროცესი შესაძლოა, იმთავითვე არ ეწინააღმდეგებოდეს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, თუმცა ფსიქიკური ავადმყოფობის გამო საქმის დაუსწრებლად განხილვა არის საგამონაკლისო შემთხვევა, ვინაიდან ასეთ დროს ბრალდებული თავს არ არიდებს სასამართლო პროცესს, არამედ არაბრალეულად, მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ ახერხებს მონაწილეობას პროცესში.
11. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური წარდგინება არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. კონსტიტუციური წარდგინებისათვის კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. „წარდგინების ავტორმა უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც, წარდგინების შემტანი სასამართლოს აზრით, ადასტურებენ კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას. ამასთანავე, კონსტიტუციურ წარდგინებაში გამოკვეთილი უნდა იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებას შორის, რომელთან დაკავშირებითაც წარდგინების ავტორი ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის №3/3/1341 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-4).
2. №1543 კონსტიტუციური წარდგინებით, სადავოდ არის გამხდარი სადავო ნორმების კონსტიტუციურობა, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციის მითითებული დანაწესი გარანტირებულად აცხადებს, ერთი მხრივ, დაცვის უფლებას, კერძოდ, პირის შესაძლებლობას, სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის (წარმომადგენლის) მეშვეობით, ხოლო, მეორე მხრივ, აღიარებს სპეციალური სპეციალური სუბიექტის – ადვოკატისათვის დადგენილ გარანტიებს – საკუთარი უფლებების შეუფერხებლად განხორციელებასა და თვითორგანიზების უფლებას.
3. კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობას განაპირობებს ბრალდებულის მიერ დაცვის უფლების სათანადოდ რეალიზაციის შესაძლებლობის არარსებობა. კერძოდ, წარდგინების თანახმად, ფსიქიკურად დაავადებული პირის გასამართლება გამორიცხავს მათი დაცვის უფლების სათანადოდ რეალიზებას, ვინაიდან ასეთი პირი მოკლებულია ნების გამოხატვის და წარმომადგენელთან ეფექტური კომუნიკაციის შესაძლებლობას. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი სადავო ნორმებთან მიმართებით აქცენტს აკეთებს მხოლოდ დაცვის უფლებაზე. კონსტიტუციურ წარდგინებაში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია სპეციალური სუბიექტის - ადვოკატისათვის მინიჭებული კონსტიტუციური გარანტიების შეზღუდვაზე. შესაბამისად, არ არის წარმოჩენილი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მესამე წინადადებით დადგენილ გარანტიებს შორის.
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1543 კონსტიტუციური წარდგინება მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მესამე წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მე-13 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ თელავის რაიონული სასამართლოს №1543 კონსტიტუციური წარდგინება, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების 316 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად თელავის რაიონული სასამართლოს №1543 კონსტიტუციური წარდგინება მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან, მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან, მე-4 და მე-11 პუნქტებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად თელავის რაიონული სასამართლოს №1543 კონსტიტუციური წარდგინება მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მესამე წინადადებასთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს თელავის რაიონულ სასამართლოს, საქართველოს პარლამენტს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის წევრები:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში