საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/2/717 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 1 ივნისი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 1 ივნისი 2016 22:42 |
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
კონსტანტინე ვარძელაშვილი - წევრი;
ქეთევან ერემაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი;
ზაზა თავაძე - წევრი;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების „თანამდებობაზე ნიშნავს“ და 50-ე მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები – გიორგი ბერაია, სოფიკო ვერძეული, გიორგი გოცირიძე და არჩილ ჩოფიკაშვილი. მოპასუხის - საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – თამარ მესხია და ზურაბ დეკანოიძე. მოწმეები - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი- შოთა გეწაძე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს კონსულტანტი- ხატია შეყილაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსი- მარიამ ცქიფურიშვილი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 9 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №717) მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა - მთვარისა კევლიშვილმა, ნაზი დოთიაშვილმა და მარინა გლოველმა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა თავმჯდომარის წინადადების საფუძველზე გადაწყვიტა, რომ №717 კონსტიტუციური სარჩელის განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განმარტოს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით დაცული უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტი და იმსჯელოს მოსამართლეთა თანამდებობის დაკავების წესის კონსტიტუციურობაზე, შესაბამისად, 2016 წლის 26 თებერვლის №3/2-1/717 საოქმო ჩანაწერით საქმე მიღებულ იქნა პლენუმზე განსახილველად. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2016 წლის 13 აპრილს.
2. №717 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტი და 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სადავო სიტყვები განსაზღვრავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებას, თანამდებობაზე დანიშნოს სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეები. 50-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირს მოსამართლედ დანიშნავს, თუ მის კანდიდატურას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეებს სხვადასხვა დროს ეკავათ მოსამართლის თანამდებობა და ირიცხებოდნენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეთა რეზერვში. მათ მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეთა შესარჩევ არაერთ კონკურსში, თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არ დაინიშნენ თანამდებობაზე.
6. მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი სრულად აკმაყოფილებენ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლით განსაზღვრული მოსამართლის თანამდებობის დაკავების ფორმალურ წინაპირობებს, თუმცა მათ ვერ შეძლეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ხმათა საკმარისი ოდენობის მიღება მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად. ამასთან, მოსარჩელე მხარის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საბჭომ არ დაასაბუთა, თუ რატომ ვერ გაიმარჯვეს მოსარჩელეებმა კონკურსში და ვინაიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება არ საჩივრდება, მოსარჩელეებს არ აქვთ შესაძლებლობა, სასამართლო წესით დაიცვან თავიანთი დარღვეული უფლება.
7. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის არც ერთი ნორმა და მათ შორის სადავო ნორმები სიტყვასიტყვით არ გამორიცხავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეების არდანიშვნაზე მიღებული გადაწყვეტილების სასამართლო კონტროლს, მაგრამ არსებული საკანონმდებლო რეგულირების პირობებში სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულია მსჯელობა, რომ მოსარჩელეებს კონსტიტუციაზე, როგორც უშუალოდ მოქმედ სამართალზე დაყრდნობით, შეუძლიათ სასამართლო წესით დაიცვან თავიანთი უფლებები, ვინაიდან გაურკვეველია, თუ რომელ სასამართლოს უნდა მიმართონ და რა პროცედურებით უნდა იხელმძღვანელოს საქმის განმხილველმა სასამართლომ.
8. მოსარჩელეთა აზრით, კანონმდებლობის ერთობლიობაში წაკითხვის შემთხვევაში სადავო ნორმები იძენს შემზღუდველ ხასიათს და გამორიცხავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას, ამიტომ მოსარჩელეები სადავოდ ხდიან მთლიანად ინსტიტუტის (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება, დანიშნოს პირველი და მე-2 ინსტანციის მოსამართლეები) კონსტიტუციურობას სასამართლო კონტროლის და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ვალდებულების არ არსებობის გამო.
9. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის თანახმადაც, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირს მოსამართლედ დანიშნავს, თუ მის კანდიდატურას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა, თავისთავად გამორიცხავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას, რაც აზრს უკარგავს საბჭოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას. მათი აზრით, სამართლიანი სასამართლოს უფლება ილუზორული გახდება, თუ პირს მხოლოდ ფორმალურად შეეძლება მიმართოს სასამართლოს და სასამართლო ვერ შეძლებს შეაფასოს უფლების შეზღუდვის მართლზომიერება, ვინაიდან კანონმდებლობით გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს არ მოეთხოვება მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება.
10. მოსარჩელეთა აზრით, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეთა დანიშვნის წესი კონსტიტუციის 861-ე მუხლით წარმოადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებას, ეს თავისთავად არ გამორიცხავს აღნიშნულ პროცესზე სასამართლო კონტროლს.
11. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ კონკრეტული თანამდებობის დაკავება/გათავისუფლებაზე სასამართლო კონტროლის განხორციელების კუთხით ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ერთი მხრივ თანამდებობები, რომელთა დაკავება მთლიანად პოლიტიკური პროცესის ნაწილს წარმოადგენს და მეორე მხრივ თანამდებობები, რომლებზეც შერჩევა მთლიანად პროფესიულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ხდება. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისგან განსხვავებით, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეები აირჩევიან მხოლოდ პროფესიულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, რაც არ წარმოადგენს პოლიტიკურ პროცესს და აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელი უნდა იყოს.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.
13. მოსარჩელეთა აზრით, იმის გამო, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას, მათ არ ეძლევათ შესაძლებლობა შემდგომში გამოასწორონ ის მიზეზები, რომლებიც საფუძვლად დაედო საბჭოს მიერ მიღებულ უარყოფით გადაწყვეტილებას. მოსარჩელეთა განმარტებით, თუკი არ იარსებებს უფლების დარღვევის თავიდან აცილების, ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, თავად უფლებით სარგებლობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ამავდროულად, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების არარსებობა იწვევს ნდობის დაკარგვას იუსტიციის საბჭოს მიმართ.
14. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ საჯარო ხელისუფლების განხორციელებისას შემზღუდველი აქტის დასაბუთების ვალდებულება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარეობს, იგი, ერთი მხრივ, ხელს უწყობს მოქალაქეებში სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის ჩამოყალიბებას, ხოლო, მეორე მხრივ, იძლევა საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანოების თვითკონტროლის და საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას.
15. №717 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ვალდებულების არარსებობა ასევე იწვევს მთლიანად ინსტიტუტის (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება დანიშნოს პირველი და მე-2 ინსტანციის მოსამართლეები) არაკონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
16. სარჩელის თანახმად, ორი მოსარჩელე მონაწილეობს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში. შესაბამისად, ვაკანტურ თანამდებობზე მოსამართლეთა დანიშვნის და ვაკანსიების შევსების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, მოსარჩელეები მოკლებული იქნებიან დამდგარი შედეგის გამოსწორების შესაძლებლობას. იმავდროულად, ვინაიდან 2016 წელს ბევრ მოქმედ მოსამართლეს ეწურება სამოსამართლეო ვადა, შესაძლებელია, უახლოეს პერიოდში კვლავ გამოცხადდეს სხვა კონკურსები, რომელთა შევსების შემდეგ, მოსარჩელეთა აზრით, რთულად პროგნოზირებადი იქნება ახალი ვაკანსიების გამოცხადების დრო. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე შუამდგომლობენ სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას.
17. საქმის განხილვის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ დამატებით განმარტა, თუ რატომ მიიჩნევს, რომ არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების ფარგლებში არც ერთი სასამართლო არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე, მათ შორის, არც ადმინისტრაციული სასამართლო. საბჭო ახორციელებს კონსტიტუციურ უფლებამოსილებას, კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებაზე კი არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (გარდა მე-3 თავით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
18. მოსარჩელეთა განცხადებით, „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/308 გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს კრიტერიუმებს, რომელთაც საბჭო კანდიდატების შერჩევისას უნდა დაეყრდნოს, საკმარისი არ არის იმისათვის, რომ მივიჩნიოთ, საბჭოს მოეთხოვება კრიტერიუმთან შესაბამისი კანდიდატების არჩევა ანუ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება, რადგან რეალურად არავინ იცის ითვალისწინებენ თუ არა საბჭოს წევრები ამ კრიტერიუმებს.
19. მოპასუხე მხარის განმარტებით, არასწორია მოსარჩელის მსჯელობა, თითქოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობის გამო, შეუძლებელია უფლების დაცვა სასამართლოში. პრობლემა შეიძლება იყოს ის, რომ არ არსებობს გასაჩივრებისა და შემდგომი საქმის წარმოების მკაფიო მექანიზმები და არა ის, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მოსამართლეს არ ეცნობება უარის თქმის საფუძველი. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა განმწესრიგებელი სხდომის ეტაპზე აღნიშნა, რომ მზადდება საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც სიცხადეს შეიტანს არსებულ ბუნდოვან კანონმდებლობაში. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს დაემატება 354 მუხლი, რომლის თანახმადაც კანდიდატებს შეეძლებათ საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში გაასაჩივრონ.
20. მოპასუხის მტკიცებით, სადავო ნორმებს არ გააჩნიათ ის შინაარსი, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელეები. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვები „თანამდებობაზე ნიშნავს“ დამოუკიდებლად არც ერთ შემთხვევაში არ ადგენს რაიმე წესს. ესაა უბრალოდ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონსტიტუციური უფლებამოსილების დეკლალირება. 50-ე მუხლის მე-4 პუნქტით კი გათვალისწინებულია კენჭისყრის ფარულობა. ის პრობლემა, რომელზედაც მიუთითებს მოსარჩელე, არ შეიძლება იდოს ამ პუნქტის შინაარსში.
21. მოპასუხის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სადავო ნორმის წყარო არის კონსტიტუციის 861-ე მუხლი, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განუსაზღვრავს კონსტიტუციურ ვალდებულებას დანიშნოს მოსამართლეები და შესაბამისად, უზრუნველყოს მართლმსაჯულების განხორციელება. მისი განმარტებით, სადავო ნორმების შეჩერებით საფრთხე შეექმნება როგორც სასამართლო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, და ზოგადად სხვათა უფლებებს, ასევე, პირებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ კონკურსში და დაიკავონ მოსამართლის თანამდებობა.
22. მოწმის სტატუსით მოწვეულმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა შოთა გეწაძემ განმარტა, რომ საბჭო მოსამართლეთა შერჩევისას ხელმძღვანელობს მხოლოდ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/308 გადაწყვეტილებით. ადმინისტრაციული კანონმდებლობა საბჭოს საქმიანობაზე არ ვრცელდება.
23. მოწმის აზრით, უმაღლეს საბჭოს შინაგანი რწმენის შესაქმნელად, რომელსაც უნდა დაეყრდნოს კანდიდატის შერჩევისას, უფრო მეტი თავისუფლება სჭირდება, ვიდრე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს, შესაბამისად, პროცესების დეტალურად გაწერა, საბჭოს მიზნებისთვის და საქმიანობისთვის საზიანოც კი შეიძლება აღმოჩნდეს.
24. მოწმემ დაადასტურა, რომ კანონმდებლობით მართლაც არ არსებობს საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება. მისი აზრით, კენჭისყრის ფარულობა დასაბუთების შესაძლებლობას ფაქტობრივად გამორიცხავს. მოწმის განცხადებით, არ არსებობს საკმარისი საკანონმდებლო მითითებები, რომლითაც პროცედურული დარღვევის არსებობის შემთხვევაში იხელმძღვანელებდა კანდიდატი, თუმცა აღნიშნული გასაჩივრების შესაძლებლობას არ გამორიცხავს, რადგან არ არსებობს საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც აკრძალავდა გასაჩივრებას.
25. მოწმის განმარტებით, საბჭო მხოლოდ არჩეული კანდიდატის შესახებ გამოსცემს რაიმე სპეციალურ აქტს. მიუხედავად ამისა, კანდიდატს, რომელიც არ შეირჩა, შეუძლია საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში სწორედ იმ ნორმატიული აქტების საფუძველზე, რომლითაც ხელმძღვანელობს საბჭო.
26. მოწმემ განაცხადა, რომ სადავო ნორმების შეჩერებით, მიუხედავად კონსტიტუციური ჩანაწერის არსებობისა, საბჭო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს ვეღარ გააგრძელებს. მისი აზრით, ნორმის შეჩერების ინტერესი მოსარჩელე მხარისათვის და არასამთავრობო სექტორისათვის ცხადია არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე ასევე არსებობს უპირატესი ინტერესი - არ შეფერხდეს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი. ამ პროცესის შეჩერება მართლმსაჯულებას დააზიანებს, რადგან სასამართლოში ისედაც არ არის მოსამართლეების საკმარისი ოდენობა.
27. მოწმის სტატუსით მოწვეულმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს კონსულტანტმა ხატია შეყილაძემ აღნიშნა, რომ საბჭო არის ადმინისტრაციული ორგანო, მიუხედავად იმისა, რომ მის საქმიანობაზე არ ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება. შესაბამისად, რაიმე სახის სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ ხელმძღვანელობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსამართლეს არ შეუძლია გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ცნებები და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი არ ჩათვალოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად.
28. მოწმის განმარტებით, არსებული რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს ფარულ კენჭისყრას, ხელს უშლის გადაწყვეტილების დასაბუთებულობას, თუმცა ღია კენჭისყრის შემთხვევაშიც დასაბუთებულობის სტანდარტის არსებობა შეუძლებლად მიაჩნია, რადგან იმ პირობებში, როდესაც კანდიდატი ფასდება კეთილსინდისიერების და კომპეტენტურობის კრიტერიუმის მიხედვით, პრაქტიკულად განუხორციელებადია დასაბუთდეს გადაწყვეტილება, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა კანდიდატი აკმაყოფილებდეს კრიტერიუმებს, თუმცა უპირატესობა მიენიჭოს სხვას.
29. მოწმემ აღნიშნა, რომ თუკი დაირღვევა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით ან №1/308 გადაწყვეტილებით გათვალისიწინებული პროცედურა, კანდიდატს შეუძლია ამის თაობაზე მიმართოს სასამართლოს და თუ ის მიიჩნევს, რომ მოხდა არსებითი დარღვევა, მას შეუძლია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის საფუძველზე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს საბჭოს გამოვკვლევა.
30. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსის მარიამ ცქიფურიშვილის განცხადებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლომ შეიძლება მიიჩნიოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილების მომზადებისას უნდა დაიცვას ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ №717 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
2. №717 კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელეები ითხოვენ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ მონაწილეობენ მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში და თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაუსაბუთებლად ეტყვის მათ უარს დანიშვნაზე, ეს მათთვის გამოუსწორებელ შედეგებს გამოიწვევს, ვინაიდან მომავალში ვერ შეძლებენ ხსენებული თანამდებობის დაკავებას ვაკანსიების სიმცირის გამო.
3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებების ან საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს სადავო ნორმის მოქმედებით მოსარჩელისათვის გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხე.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 2 ნოემბრის №1/6/675 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-3).
5. შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ ნორმის მოქმედების პირობებში არსებობს კუმულატიურად შემდეგი გარემოებები: 1. მოსარჩელისათვის გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხე, რომლის აღმოფხვრა ვერ მოხდება სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, 2. აღნიშნული საფრთხე რეალური, გარდაუვალი, კონკრეტული და არა აბსტრაქტული/ ჰიპოთეტური ხასიათის მატარებელია, 3. ნორმის მოქმედების შეჩერება არ გამოიწვევს მესამე პირების ან/და საზოგადოებრივი ინტერესების გაუმართლებელ შეზღუდვას.
6. მოქმედი კანონმდებლობა არ უკრძალავს კონკურსანტებს, დანიშვნაზე უარის მიღების შემთხვევაში, შემდგომ კონკურსებში მონაწილეობის უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელეებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში, რომლის ფარგლებშიც იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებული იქნება დაასაბუთოს გადაწყვეტილება მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის, ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ და ამავე დროს იარსებებს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უფლებაში აღმდგენი ეფექტი გააჩნია და მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია.
7. სადავო ნორმით მოსარჩელეთა უფლების შეზღუდვის შეუქცევადი ხასიათი არ დასტურდება მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციითაც. კერძოდ, კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ბოლო წლებში მოსარჩელე რამოდენიმეჯერ მონაწილეობდა მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსებში, მიუხედავად იმისა, რომ მას ყველა ჯერზე ეთქვა უარი დანიშვნაზე და მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია უარის სასამართლოში გასაჩივრების მცდელობას. ამდენად, დანიშვნაზე უარის თქმის დასაბუთებულობის ან/და უარის თქმის სასამართლოში გასაჩივრების არ არსებობის პირობებშიც კი სადავო ნორმა მას არ ართმევს კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობას.
8. ამავე დროს, მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადება უკავშირდება ვაკანსიის წარმოშობას, რომელიც მომავალშიც იარსებებს მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლის, ან სხვა მიზეზით მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში. მაშინაც კი, თუ სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოხდება არსებული ვაკანსიების სრულად შევსება, აღნიშნული ვერ მიაყენებს მოსარჩელეს გამოუსწორებელ ზიანს, ვინაიდან მომხსენებელი მოსამართლის წერილის პასუხად საქართველო იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი, როგორც წესი, ტარდება წელიწადში ორჯერ. ამჟამად კონკურსი გამოცხადებულია საერთო სასამართლოების სისტემაში არსებულ 65 ვაკანსიაზე, ხოლო 2016 წლის მაისიდან დეკემბრამდე მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო სისტემაში წარმოიქმნება დამატებით 29 ვაკანსია, 2017 წელს კი - 41.
9. „საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს სადავო აქტის მოქმედების შეჩერების ღონისძიებას, მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე აშკარაა და არ არსებობს მესამე პირებისა და საზოგადოებრივი ინტერესების გაუმართლებელი შეზღუდვის რისკები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის N 3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-34).
10. „ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა შეაფასოს ნორმის შეჩერებით გამოწვეული სხვათა უფლებების დარღვევის საფრთხეც“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 7 ნოემბრის №1/3/509 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე სოფიო ებრალიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებით შესაძლებელია გაუმართლებლად შეიზღუდოს მნიშვნელოვანი საჯარო და მესამე პირების ინტერესი. ნორმების შეჩერება შესაძლოა მნიშვნელოვნად აისახოს არა მხოლოდ სამოსამართლეო კანდიდატების უფლებებზე, არამედ პირველ რიგში კერძო პირების და სამართალწარმოების მხარეების მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებაზე. კერძოდ, გასათვალისწინებელია სასამართლოთა გადატვირთულობა და მხარეებისათვის სწრაფი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის ვალდებულება. იმ პირობებში, როდესაც იუსტიციის საბჭოს წარმომადგენლის განცხადებით, ბოლო წლებში გაორმაგებულია საქმეთა რაოდენობა და თითოეულ მოსამართლეს წარმოებაში გააჩნია რამოდენიმე ასეული საქმე, ნორმის მოქმედების შეჩერება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, კიდევ უფრო დაამძიმებს საერთო სასამართლოებში გადატვირთულობის თვალსაზრისით შექმნილ მდგომარეობას.
11. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ სადავო ნორმით დადგენილმა რეგულირებამ შესაძლოა გამოიწვიოს მოსარჩელეთა და მათ მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების ინტერესების შელახვა, ვინაიდან კონსკურსში მონაწილეობისა და მათთვის არასასურველი შედეგების დადგომის შემთხვევაში, ისინი ვერ ისარგებლებენ სათანადო სამართლებრივი გარანტიებით, რათა დაიცვან საკუთარი ინტერესები. თუმცა ასეთი სავარაუდო შედეგები ვერ გათანაბრდება კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის შეუქცევად შედეგთან, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების თანახმად, მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარება მიმდინარე და მომდევნო წლების განმავლობაშიც იგეგმება. შესაბამისად, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა ნორმის მოქმედების შეჩერების უფლებას საკონსტიტუციო სასამართლოს ანიჭებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა სადავო ნორმით მოსარჩელისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე, არ არსებობს ნორმის მოქმედების შეჩერების საფუძველი.
12. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის მე–5 და მე–8 პუნქტების, 44-ე მუხლის, 47-ე მუხლის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის, მე-18 მუხლის, 21–ე მუხლის პირველი პუნქტის და 22–ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №717 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების „თანამდებობაზე ნიშნავს“ და 50-ე მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერს თან ერთვის მოსამართლეების ქეთევან ერემაძის და მაია კოპალეიშვილის განსხვავებული აზრი.
7. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
პლენუმის წევრები:
გიორგი პაპუაშვილი
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
წევრების ქეთევან ერემაძის და მაია კოპალეიშვილის
განსხვავებული აზრი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 2 ივნისის №3/2/717 საოქმო ჩანაწერზე
1. გამოვხატავთ რა ჩვენი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის და “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამთ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 2 ივნისის №3/2/717 საოქმო ჩანაწერის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის არდაკმაყოფილებას.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებების ან საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგი. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 2 ნოემბრის №1/6/675 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-3).
3. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ მონაწილეობენ მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში და იმ შემთხვევაში, თუ დანიშვნაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მათ დაუსაბუთებლად ეტყვის უარს, ეს მათთვის გამოუსწორებელ შედეგებს გამოიწვევს, ვინაიდან მომავალში ვერ შეძლებენ ხსენებული თანამდებობის დაკავებას ვაკანსიების სიმცირის გამო. მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა მოსარჩელის მიერ მითითებული საფრთხეები და სადავო ნორმების მოქმედების შედეგად მათთვის გამოუსწორებელი შედეგის მიყენების შესაძლებლობა. მხოლოდ ჰიპოთეტური მითითება, რომ მოსარჩელეებს მომავალშიც ექნებათ კონკურსში მონაწილეობის უფლება (ვინაიდან მომავალშიც გაჩნდება გარკვეული ვაკანსიები) ვერ გამოდგება მათთვის სადავო ნორმის მოქმედების შედეგად გამოუსწორებელი ზიანის მიყენების რეალური შესაძლებლობის არარსებობის დასადასტურებლად.
4. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ნორმებიდან გამომდინარე, მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და ამავე დროს არ არსებობს მისი გასაჩივრების რეალური შესაძლებლობა. ამდენად, კონკურსში მონაწილე კანდიდატს, რომელსაც უარი ეთქვა თანამდებობაზე დანიშვნაზე, არ ეძლევა შესაძლებლობა, განსაზღვროს, რა საფუძველს დაეყრდნო იუსტიციის უმაღლესი საბჭო მის დანიშვნაზე უარის თქმისას, რა თვალსაზრისით უნდა იმუშაოს თავის თავზე და რა ექნება გამოსასწორებელი სამომავლოდ წარმატების მისაღწევად. ამავე დროს, დანიშვნაზე უარის თქმის დაუსაბუთებლობა ართულებს კანდიდატთა მიერ უფლების დაცვის შესაძლებლობას, ხოლო გასაჩივრების აკრძალვა კი სრულად გამორიცხავს მას. ამდენად, სადავო ნორმებით დადგენილმა რეგულირებამ შესაძლოა დააყენოს მძიმე შედეგები მოსარჩელეების და მათ მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ.
5. მომხსენებელი მოსამართლის წერილის (N01/01-361, 2016 წლის 20 ივნისი) პასუხად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის 2016 წლის 31 მაისის N973/1091-03-ო წერილი) თანახმად, ამჟამად საერთო სასამართლოების სისტემაში არის 65 ვაკანსია, რომლებზეც გამოცხადებულია/მიმდინარეობს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი. იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიუთითებს, რომ შეუძლებელია კონკურსის დასრულების ზუსტი თარიღის განსაზღვრა, თუმცა, როგორც წესი, იგი რამდენიმე თვეს გრძელდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, არსებობს აღნიშნული კონკურსების დასრულების და მოსარჩელეთა დანიშვნაზე დაუსაბუთებლად უარის თქმის რეალური შესაძლებლობა. აღნიშნული უფლების შესაძლო დარღვევის აღმოფხვრა ვერ მოხდება ვერც საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებით, ვინაიდან მოსარჩელეთა მოთხოვნა რომც დაკმაყოფილდეს, კონკურსის შედეგების გადახედვა და უკვე დანიშნული მოსამართლეების მაგივრად მოსარჩელეების დანიშვნა ვერ მოხდება. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით მოსარჩელის უფლების დარღვევა შეუქცევად ხასიათს ატარებს და, სავარაუდოდ, დარღვეული უფლების ფაქტის გამოსწორებას ვერ მოახდენს ვერც სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა.
6. ამავე დროს, მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასასაბუთებლად არ გამოდგება არგუმენტი, რომლის თანახმადაც, მოსამართლის ვაკანსიები მომავალშიც იარსებებს და, შესაბამისად, მათ საშუალება მიეცემათ, ხელახლა მიიღონ კონკურსში მონაწილეობა. როგორც უკვე აღინიშნა, ამა თუ იმ კონკურსის ფარგლებში პირის მოსამართლის თანამდებობაზე უარის თქმა გამოუსწორებელ შედეგებს თავისთავად აყენებს. სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში იგივე თანამდებობაზე (კონკურსის შედეგად მისი შევსების შემთხვევაში) კონკურსი ახლიდან არ ჩატარდება და დაუსაბუთებლად უარის თქმის სამართლებრივი შედეგების გამოსწორება არ მოხდება. ამავე დროს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ნათლად დგინდება, რომ სამომავლოდ ვაკანსიების რაოდენობა გაცილებით ნაკლები იქნება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 2 ივნისის №3/2/717 საოქმო ჩანაწერი, II-3), შესაბამისად, მნიშვნელოვნად შემცირდება მოსარჩელეთა შესაძლებლობა, დაიკავონ სასურველი თანამდებობა. გამოუსწორებელი შედეგის დადგომა აუცილებლად არ გულისხმობს უფლების სრულად, შეუქცევადად გაქრობას. თუ სადავო ნორმის მოქმედებას შეიძლება უფლების დამცრობა, მისი რეალიზების შესაძლებლობის შეუქცევადად შემცირება მოჰყვეს, მაშინ იგი ამ თვალსაზრისით გამოუსწორებელ შედეგებს აყენებს. ის ფაქტი, რომ სადავო ნორმის მოქმედების შედეგად მოსარჩელეებს სრულად არ ერთმევათ კონსტიტუციის 29-ე მუხლით დაცული უფლება, თავისთავად არ გულისხმობს გამოუსწორებელი შედეგის არარსებობას. თუ სადავო ნორმის მოქმედების შედეგად უფლების დამცრობა, მისი რეალიზების შესაძლებლობის მნიშვნელოვნად და შეუქცევადად შემცირება ხდება, იგი გამოუსწორებელ შედეგებს აყენებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისათვის.
7. ასევე ვიზიარებთ საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას, რომლის თანახმაც, „ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა შეაფასოს ნორმის შეჩერებით გამოწვეული სხვათა უფლებების დარღვევის საფრთხეც“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 7 ნოემბრის №1/3/509 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე სოფიო ებრალიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). თუმცა ვერ გავიზიარებთ ამ საკითხთან დაკავშირებით N3/2/717 საოქმო ჩანაწერში მოყვანილ პოზიციას, რომლის თანახმადაც, განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების წინააღმდეგ არსებობს მნიშნელოვანი საჯარო და მესამე პირების ინტერესი. კერძოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ნორმების შეჩერება გამოიწვევს იმ პირთა ინტერესების ხელყოფას, რომლებიც სადავო ნორმის საფუძველზე მონაწილეობენ მოსამართლეთა კონკურსში და მათი მოქმედების შეჩერების შედეგად ვერ შეძლებენ თანამდებობის დაკავებას. გვინდა აღვნიშნოთ, რომ კონკურსის მომწესრიგებელი სამართლიანი, განჭვრეტადი კანონმდებლობის არსებობა და მასზე დაყრდნობით დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება, თითოეული კეთილსინდისიერი კონკურსანტის ინტერესებშია. პირებს, რომლებიც ინიშნებიან მოსამართლედ, ბუნებრივად უნდა ჰქონდეთ ინტერესი, რათა არ არსებობდეს კითხვები მათი თანამდებობასთან შესაფერისობის და მათი დანიშვნის დასაბუთებულობის შესახებ. შესაბამისად, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ მიიჩნია სასამართლომ, რომ სადავო ნორმის რამდენიმე თვით მოქმედების შეჩერება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისად ჩატარებულ კონკურსში მონაწილეობა და მის შედეგად თანამდებობაზე დანიშვნა, ლახავს მოსამართლეთა კანდიდატის/კანდიდატების ინტერესებს. თუ საოქმო ჩანაწერში ამ საკითხზე გამოთქმულ მოსაზრებაში იგულისხმება იმ პირთა ინტერესები, რომლებსაც კონკურსში გამარჯვება მხოლოდ გადაწყვეტილების დასაბუთების არასავალდებულოობის პირობებში შეუძლიათ და კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისად ჩატარებულ კონკურსში წარმატებას ვერ მიაღწევენ, ცხადია, პირთა ასეთი ინტერესის დაცვა არ შეიძლება წარმოადგენდეს საჯარო მიზანს და არ უნდა იქნეს ასეთად მიჩნეული არც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
8. ასევე გვინდა აღვნიშნოთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდში საერთო სასამართლოს სისტემაში ვაკანტური ადგილების რაოდენობის ზრდის და, შესაბამისად, სახელმწიფოში მოსამართლეების რაოდენობის შემცირების თავიდან აცილების მოპასუხის მიერ დასახელებული საჯარო ინტერესი ვერ გადაწონის მოსარჩელის უფლების შეუქცევადი დარღვევის რისკებს. უპირველს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს შემადგენლობის სწრაფი დაკომპლექტება იმ პირობებში, როდესაც არსებობს ეჭვები დანიშვნის წესის არაკონსტიტუციურობის შესახებ, რეალურად სისტემური პრობლემის ინტენსივობის ზრდას უფრო უწყობს ხელს, ვიდრე პირების მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზების ხელშეწყობას. სასამართლოსათვის მიმმართველი თითოეული პირის სამართლიანი სასამართლოს უფლებიდან მომდინარე ინტერესს წარმოადგენს, მისი საქმე განიხილოს იმ მოსამართლემ, რომელიც დანიშნულია კონსტიტუციური სტანდარტების დაცვით. კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევით მოსამართის დანიშვნამ მნიშვნელოვნად შეიძლება შეუწყოს ხელი მისი და ზოგადად სასამართლო სისტემის ავტორიტეტისა და კვალიფიკაციის ეჭვქვეშ დაყენებას. ეს ეჭვები კიდევ უფრო გამძაფრდება N717 კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების და მოსამართლეთა დანიშვნის წესის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლეთა კორპუსის შეუფერხებლად დაკომპლექტების სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზების ხელშემწყობ ფაქტორად განხილვა მოკლებულია ობიექტურ დასაბუთებას.
9. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება.
პლენუმის წევრები:
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი